შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საქველმოქმედო ფონდის 44 ბენეფიციარს საახალწლო სურვილები აუსრულეს.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, კომპანიის თანამშრომლებმა ბავშვებსა და მოზარდებს საკუთარი სახსრებით შეძენილი საჩუქრები, ასევე, საყოფაცხოვრებო ნივთები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორთან, გიორგი პაპავასთან ერთად გადასცეს. პატარებმა კი საცეკვაო და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
„უკვე ტრადიციად იქცა საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ძალისხმევით ყოველწლიურად ტარდება. ძალიან გვიხარია, რომ სწორედ იმ ბავშვების საახალწლო სურვილების ასრულება შევძელით, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. განსაკუთრებით, ახალ წელს ყველა ბავშვი ბედნიერი და გახარებული უნდა იყოს. მინდა თითოეულ ბავშვს, მოზარდს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო!“- აღნიშნა გიორგი პაპავამ.
მათივე ცნობით, საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან ერთად, ფონდი „მომავლის გზაც“ იყო ჩართული, რომლის ბენეფიციარებიც ბავშვები არიან.
