„რაც უფრო მეტად გაიზრდება ქვეყნის საიმიჯო პრობლემები – რუსეთთან ასოცირება, სტარტაპებსაც მეტი პრობლემები შეექმნებათ“

ვენჩურულ ფონდ Futere Lab-ის მმართველი პარტნიორი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელის შეფასებით, საქართველოში დღეს უმძიმესი კრიზისია, რაც ეკონომიკის ყველა დარგზე მეტ-ნაკლებად მოქმედებს. BMG TV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას ირაკლი ქაშიბაძემ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და IT სფეროსა და სტარტაპ ეკოსისტემაზე მის გავლენაზე ისაუბრა.
ირაკლი ქაშიბაძე ამბობს, რომ სტარტაპები და IT სფეროს წარმომადგენლები მოქნილები არიან და ქვეყნის იმიჯის გაუარესების შემთხვევაში, მათ რეალოკაცია მარტივად შეუძლიათ, რაც დააზიანებს ქვეყანას და მის ეკონომიკას, რადგან ინტელექტუალური ძალის ქვეყნიდან გასვლა, შეამცირებს ბიუჯეტის შემოსავლებს და ტექნოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობას.
„საქართველოში უმძიმესი კრიზისია, მაგრამ როდესაც იგივე კრიზისის პერიოდში როდესაც პირველი ვენჩურული ფონდი შევქმენი, პოტენციურ ინვესტორებს ვუხსნიდი, რომ აუცილებელი იყო მათი ფინანსური რესურსის დივერსიფიცირება. საქართველოში პოპულარულია უძრავ ქონებაში, სარესტორნე ბიზნესში ინვესტირება, ახლა ჩვენ დავინახავთ, როგორ შეიქმნება ამ სექტორებში პრობლემები, რადგან შემცირდა ტურისტების რაოდენობა, ცოტა ადამიანი დადის რესტორნებში, დაიკლებს მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, სხვა მომსახურებებზე, ჩვენს შემთხვევაში ვენჩურული ფონდით დაფინანსებული სტარტაპები ორიენტირებულები არიან ამერიკულ ბაზარზე. სხვა დარგებს ძალიან დიდი პრობლემა ექნებათ. სტარტაპ მიმართულება კრიზისის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია და მას აქვს პოტენციალი განაგრძოს ზრდა, თუმცა რაც უფრო მეტად გაიზრდება ქვეყნის საიმიჯო პრობლემები და რაც უფრო მეტად გაიზრდება ქვეყნის რუსეთთან ასოცირება, ჩვენს სტარტაპებსაც უფრო მეტი პრობლემები შეექმნებათ, რადგან ისინი საქართველოში არიან რეგისტრირებულები. თუმცა აქაც პრობლემა არ არის, სტარტაპები შეიცვლიან ლოკაციას, სხვა ქვეყნებში დარეგისტრირდებიან და ნაკლები პრობლემა ექნებათ სტარტაპებს, რაც შეეხება სხვა დარგებს ისინი კრიზისის მიმართ მეტად მგრძნობიარეები არიან…
ჩვენ დავინახეთ IT სპეციალისტების გამოსვლა, მაგრამ მათ ნაკლებად შეეხებათ ეს კრიზისი, რადგან ისინი მათ შორის საერთაშორისო კომპანიებში მუშაობენ, მაგრამ შეექმნება პრობლემა ქვეყანას, რადგან ისინი წავლენ ქვეყნიდან, დავკარგავთ ძალიან ძლიერ ინტელექტუალურ რესურსს და ქვეყანა შეაჩერებს ინოვაციურ სვლას, შეჩერდება მაღალინოვაციური პროექტები, რაც გავლენას მოახდენს ყველა სექტორზე, დაწყებული სახელმწიფო სექტორიდან, რადგან IT სისტემებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ მომსახურების ნაწილში, საბანკო მომსახურებაში. ყველაფერი შეიძლება შეჩერდეს, რადგან ეს ხალხი წავა ქვეყნიდან, რადგან ისინი არ ეთანხმებიან იმ პროცესებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს ძალიან დიდი უარყოფითი პროცესი იქნება“, – განმარტავს ირაკლი ქაშიბაძე.
ქვეყნისთვის შემოსავლების დაკარგვის მაგალითად კი კომპანია EPAM მოჰყავს, რომელსაც წლიურად ბიუჯეტში მისი ინფორმაციით 50 მილიონი ლარი შეაქვს.
„IT დარგს თუ შევეხებით მხოლოდ ერთ კომპანია EPAM-ს 3 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, საიდანაც დაახლოებით 2200 ადამიანი დან და ბელარუსიდან არის ჩამოყვანილი. გადასახადების სახით ამ კომპანიიდან ქვეყნის ბიუჯეტში 50 მლნ ლარი შედის, ასეთი 10-20 000 ადამიანი საკმაოდ დიდ შემოსავალს ქმნის ქვეყნისთვის, მეორე მხრივ IT სფერო ხასიათდება მიგრაციის შესაძლებლობით და რისკით, რაც უფრო მეტად მოხდება საქართველოს ასოცირება ნეგატიურ კონტექსტში, ჩვენ დავინახავთ რომ წავა ეს ხალხი საქართველოდან, ქვეყნიდან დავკარგავთ ძალიან დიდ შემოსავალს 1-2 თვეში 100-ეულობით მილიონ ლარს და დოლარს“, – აღნიშნა FUTURE LAB-ის მმართველმა პარტნიორმა.