“პროკურატურა განზრახ აჭიანურებს გამოძიებას” | სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნინოწმინდის პანსიონზე

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში ორგანიზაცია კრიტიკულად აფასებს სახელმწიფო უწყებების მუშაობას და წერს, რომ ქვეყანაში არსებითად არის შესუსტებული ორგანოების მუშაობის ეფექტიანობა, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას.

ანგარიშში მოხვდა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ყოფილ აღსაზრდელებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიებაც, რომელსაც სავარაუდო დამნაშავე დღემდე არ გამოუკვეთავს.
“2023 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ არ უზრუნველყვეს ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთა უფლების სისტემური დარღვევის ფაქტების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. საქმეზე ამ დროისათვის ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და მედიაში არაერთი პანსიონატის ყოფილი აღსაზრდელის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია მძიმე დანაშაულზე მიუთითებს. აღსაზრდელების მიმართ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ფიზიკური დასჯის მეთოდებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ძალადობას და ეს ქმედებები ცალკეულ შემთხვევაში ინტენსივობით არასათანადო მოპყრობასაც კი უტოლდებოდა. მიუხედავად ამისა, პროკურატურა პანსიონატის არა ერთ ყოფილ ბენეფიციარს არ ანიჭებს დაზარალებულის სტატუსს, დროულად არ უზრუნველყოფს საქმეზე საპროცესო მოქმედებების ჩატარებას და განზრახ აჭიანურებს გამოძიებას”, – წერია ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელებზე სავარაუდო სისტემატური ძალადობის შემთხვევების შესახებ საზოგადოებამ 2021 წელს შეიტყო.