რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მაკრონისგან რუსეთმა შეთავაზება მიიღო, რომ უკრაინის საკითხი კიევის მონაწილეობის გარეშე მოაგვარონ. რუსეთის პირველი დიპლომატი მეტ დეტალზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის მოუსმინოს წინადადებებს. მისივე თქმით, საფრანგეთის წინადადების მიღება რთულია, რადგან ქვეყანა ,,ორაზროვნად იქცევა”.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი რუსეთს დახურული არხებით რამდენჯერმე დაუკავშირდა და უკრაინის შესახებ დიალოგის გამართვაში დახმარება შესთავაზა. მისივე თქმით, საფრანგეთის წინადადება პროცესის უკრაინის მონაწილეობის გარეშე წარმართვას ითვალისწინებს. ლავროვმა დეტალები არ დააკონკრეტა. მან აღნიშნა, რომ პარიზის ასეთი წინადადება არღვევს პრინციპს „არც ერთი სიტყვა უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები იცავენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსკოვი უარს არ ამბობს კონტაქტებზე და მზადაა სხვა ქვეყნების წინადადებები მოისმინოს. ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის რთულია პარიზის ინიციატივების სერიოზულად აღქმა, რადგან საფრანგეთი „ავლენს ორაზროვან ქცევას“: ის მხარს უჭერს სამშვიდობო ჯარების გაგზავნას უკრაინაში და ამზადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს მის ტერიტორიაზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაზე პირველად განცხადება 2024 წლის თებერვალში გააკეთა. მას მხარი დაუჭირეს ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში. თუმცა წინააღმდეგობა გამოხატეს დიდმა ბრიტანეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ნატოს ხელმძღვანელობამ. დისკუსია ევროპაში რამდენიმე თვის შემდეგ განახლდა, თუმცა ამ ეტაპზე საუბარი შეეხებოდა არა ბრძოლაში მონაწილეობას, არამედ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს, მას შემდეგ რაც მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეოდა.
კრემლმა პოზიცია დააფიქსირა, რომ უკრაინაში ნატოს სამხედროების გამოჩენით, ალიანსსა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტი გარდაუვალი გახდება.
წარსულში მაკრონმა არაერთხელ მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებების დაწყებისკენ. უკრაინაში ომის დაწყების პირველ წელს მაკრონმა რამდენჯერმე ისაუბრა პუტინთან ტელეფონით (ბოლო საუბარი 2022 წლის სექტემბერში შედგა), გასული წლის ნოემბერში კი არ გამორიცხა ახალი კონტაქტები რუსეთის პრეზიდენტთან. კრემლმა უპასუხა იმით, რომ მაკრონმა პუტინს თავად დაურეკა.