“18 ადამიანი თანახმაა ისწავლოს და 4 თვის შემდეგ გამოცდები კვლავ ჩააბაროს” – ამის შესახებ BM.GE-სთან ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირი გათავისუფლებული მეშახტეების შესახებ საუბრობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეშახტეები გიორგი აბულაძე და ხვიჩა გაბუნია აცხადებენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
მალევე კომპანიამ „საქნახშირი“ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, ევროპულ სტანდარტებთან მორგების პროცესსა და რეორგანიზაციასა და კადრების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით.
„საქნახშირი ევროპული სტანდარტების სრული დაცვით იწყებს მუშაობას! ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქნახშირში დასაქმებულების ცოდნისა და კვალიფიკაციის შემოწმების პროცესი წარმატებით განხორციელდა. ახალი შახტის პროექტი თითოეულ თანამშრომელს საშუალებას აძლევს, გაიღრმაოს ცოდნა, გაიუმჯობესოს გამოცდილება ან, აირჩიოს სრულიად ახალი პროფესია.
მოპოვების და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ახალი, ევროპული სტანდარტები და ტექნოლოგიები დაინერგება. ამიტომ, სპეციალისტების ცოდნის შემოწმება და გადამზადება მნიშვნელოვანია. სწორედ ევროსტანდარტების გათვალისწინება და შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის მომზადება არის მთავარი პირობა, რომლის შესრულებაზეც დამოკიდებულია ახალი პროექტების განხორციელება.
ამასთან დაკავშირებით, საქნახშირში რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის პროცესი 3 თვის წინ დაიწყო და 1 იანვარს დასრულდება. 350 დასაქმებულმა უკვე მიიღო ახალი კონტრაქტი და გადადიან ახალ სახელფასო სისტემაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ შემოსავალს.
რეორგანიზაციის შედეგად 38 სამუშაო ადგილი შემცირდა, თუმცა, თითოეულ მათგანს კომპანიამ 3-4 თვიანი გადამზადება შესთავაზა, რომელსაც საქნახშირი დააფინანსებს. პარალელურად, მიიღებენ სრულ ხელფასს, ისარგებლებენ დაზღვევით, კვების მომსახურებით. გადამზადების შემდეგ, ჩააბარებენ გამოცდას და შესთავაზებენ ახალი კონტრაქტს. ყველა, ვინც გაივლის გადამზადებას, დასაქმებული იქნება საქნახშირში.
24 დეკემბრის 15:00 საათის მდგომარეობით, 38 შემცირებული ადგილიდან 20 ადამიანმა ხელი მოაწერა გადამზადების კონტრაქტს. დანარჩენ 18 ადამიანს საშუალება ეძლევა, ჩაერთოს გადამზადების პროგრამაში 1 იანვრამდე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
BM.GE დაინტერესდა საკითხით და თემის დეტალების გასარკვევად ტყიბულის მეშახტეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს, გაგა ისაკაძეს ესაუბრა.
მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ დრომდე 38 ადამიანია სამსახურიდან გათავისუფლებული, რომლებსაც კომპანიამ 4 თვის კომპენსაცია და სურვილის შემთხვევაში, ამ პერიოდის განმავლობაში გადამზადება შესთავაზა.
„38 ადამიანია გათავისუფლებული. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც გამოცდებში ვერ აიღო გადამლახავი ქულები. გამოცდები ეხებოდა ელემენტარულ უსაფრთხოების წესებს. გამოცდებს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ესწრებოდნენ.
კომპანიამ მეშახტეებს 4 თვის კომპენსაცია და ამ 4 თვის ვადაში პროფესორების დახმარებით გადამზადება შესთავაზა. 4 თვის შემდეგ ისევ ჩააბარებენ გამოცდებს. ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ისინი კვლავ აღდგებიან სამსახურში. ჩემი ინფორმაციით, 18 ადამიანი თანახმაა ისწავლოს და 4 თვის შემდეგ გამოცდები კვლავ ჩააბაროს და დაუბრუნდეს კუთვნილ ადგილს“, – ამბობს ტყიბულის მეშახტეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე.