სადისტრიბუციო მანქანებზე შეზღუდვა პროდუქტზე ფასების ზრდას გამოიწვევს – ასოციაცია

1 იანვრიდან სადისტრიბუციო ავტომობილებს დედაქალაქში გადაადგილება პიკის საათებში შეეზღუდებათ. მერიის ინფორმაციით შეზღუდვა 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00-მდე იმოქმედებს. კანონი პიკის საათებში დიდ გაბარიტიანი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ, ერთი წელია, ძალაშია, თუმცა სადისტრიბუციო კომპანიებს, საგამონაკლისო წესით, მოსამზადებელი ვადა ჰქონდათ მიცემული.
BMG დაინტერესდა, რამდენად მზადაა სექტორი შეზღუდვისთვის, რომელიც მომავალი კვირიდან ამოქმედდება – როგორც დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, ლაშა რიჟამაძე გვეუბნება, სადისტრიბუციო კომპანიები მზად არ არიან, რადგან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ღამის დისტრიბუციაზე გადაწყობისთვის ემზადებიან, დედაქალაქის მერიამ კი ეს ინიციატივაც გააუქმა.
“ზაფხულს პერიოდიდან, დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი, ბატონი ვიქტორ წილოსანი, ასოციაციის წევრ კომპანიებთან, ასოციაციასთან, რითეილ სექტორთან გამართულ შეხვედრებზე აჟღერებდა, რომ მიდიოდა ღამის დისტრიბუციაზე გადაწყობა. გასული თვეების განმავლობაში, ყველა შეხვედრა ემსახურებოდა ღამის დისტრიბუციაზე გადაწყობას, თუ როგორ გაიწერებოდა ეს დროში, ეტაპობრივად, რომ კომპანიებისთვის მტკივნეული არ ყოფილიყო. ახლა ვიგებთ თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, რომ საერთოდ ღამის დისტრიბუციას არ განიხილავენ და 1 იანვრიდან პიკის საათებში გადაადგილებაც გვეზღუდება.