1 წელი საკმარისი ვადა იყო, რომ დისტრიბუტორები დედაქალაქში გაბარიტული ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას მორგებოდნენ – ასე უპასუხა BMG-ის შესაბამის კითხვას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ბაგაშვილმა.
როგორც დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 1-ელი იანვრიდან სადისტრიბუციო ავტომობილებს თბილისში, პიკის საათებში გადაადგილება შეეზღუდებათ. შეზღუდვა 8-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე იმოქმედებს.
სხდომის დასრულების შემდეგ ნინო ბაგაშვილმა განმარტა, რომ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასთან კომუნიკაციის შემდეგ გასულ წელს დაწესებული შეზღუდვასთან დაკავშირებით სადისტრიბუციო მანქანებს გარკვეული საშეღავათო პერიოდი დაუწესდათ, რომელიც შემდგომ გახანგრძლივდა.
„სექტორთან კომუნიკაციის შედეგად განისაზღვრა სექტორი, რომელსაც ექნებოდა შეღავათები. დისტრიბუტორებს პირველ სექტემბრამდე მიეცათ საშეღავათო პერიოდი, თუმცა შემდგომ როგორც დადგინდა 8-თვიან პერიოდში ადაპტაცია ვერ მოხერხდა და კიდევ 4 თვე გახანგრძლივდა. ერთი წელი საკმარისი ვადა იყო იმისთვის, რომ სურვილის შემთხვევაში სექტორს ადაპტაცია მოეხდინა, პირველი იანვრიდან ეს საშეღავათო პერიოდი აღარ ექნება ამ სექტორს და დილის და საღამოს პიკის საათებში დაწესდება შეზღუდვა.
ეს არ ეხება ყველა სატვირთოს, მხოლოდ N2 და N3 კატეგორიის მანქანებს.
სტატისტიკა რამდენი მანქანაა ამ კატეგორიის დისტრიბუტორებს არ მოუწოდებიათ, თუმცა დისტრიბუციაში ჩართულია N1 და N2 კატეგორიის მანქანები და ინფორმაციას, თითქოს დისტრიბუცია ამ შეზღუდულ კატეგორიებში შეუძლებელია, სინამდვილეს არ შეესაბამება”, – განაცხადა ნინო ბაგაშვილმა.
კითხვას – შეძლებენ თუ არა დისტრიბუტორები ღამის საათებში მუშაობას, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა უპასუხა: „ღამის დისტრიბუციის საკითხი მერიის გეგმებში არ არის. კომუნიკაციის პერიოდში ასოციაციის მხრიდან გამოითქვა ამის სურვილი, მერიის მხრიდან ეს მოთხოვნა არ ყოფილა. მათ შეუძლიათ ამ პროცესზე დამოუკიდებლად იმუშაონ და გადავიდნენ ღამის საათებზე. მერიისგან რამე მოთხოვნა ან შეზღუდვა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს“.