თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, ქართული ოცნების მიერ არჩეული პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს თანამდებობა მიულოცა.
მისალოცი წერილი 14 დეკემბრით თარიღდება, სწორედ იმ დღით, როდესაც საქართველოს პარლამენტში ჩატარებული არჩევნებით ქართული ოცნების ხმოსნებმა ერთადერთ კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს მხარი დაუჭირეს.
“პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, რომელთანაც ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ასევე გისურვებთ წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში.
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადაში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თანხვედრაშია ჩვენს საერთო ინტერესებთან და ემსახურება რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რათა კვლავ გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები, თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხოლო საქართველოს, მეგობარ ხალხს – აღორძინება და ბედნიერება”, – წერს ერდოღანი.
***
ამასთან, თურქეთის გარდა, მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობა აზერბაიჯანის, სომხეთის ბელარუსისა და სერბეთის ლიდერებმა მიულოცეს.