საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენების შესახებ შეფასებას ასაჯაროებს და გამოვლენილ ტენდენციებზე საუბრობს.
საია 50-მდე პირის მიმართ წარმოებული სისხლი სამართლის საქმეების მიმდინარეობას აკვირდება და აღნიშნავს, რომ გამოიკვეთა: საქმეთა გაჭიანურება, პატიმრობის გამოყენების პრაქტიკა ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე, არასათანადო მოპყრობა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა.
საიას მონიტორინგი მოიცავს 2024 წლის აპრილი-მაისის დროს რუსული კანონის პროტესტთან დაკავშირებული 6 პირის საქმეს, 19 და 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტი ლეგიტიმური პროტესტის დროს დაკავებული 38 ბრალდებულის საქმეს, ასევე, ბალდის კანონის აქტივისტის ინდიკო ბჟალავას, აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას და აქტივისტ იოსებ ბაბაევის საქმეებს.
“პირველი და მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც იკვეთება, ეს უკავშირდება საქმეთა გაჭიანურებას – რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს დაკავებული პირების საქმეები ჭიანურდება.
საიას შეფასებით, საქართველოს პროკურატურა და თბილისის საქალაქო სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს საქმეების განხილვას, სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეძლოს აქტივისტების შეწყალება თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში და ეს გაჭიანურება არის ხოლმე იმდენად დაუსაბუთებელი, რომ შესაძლოა, საბოლოო ეტაპზე მისული საქმე გადაიდოს მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეში ჩაერთოს ახალი პროკურორი, რაც ხელოვნურ გაჭიანურებას ადასტურებს.
ასევე, პატიმრობის გამოყენების პრაქტიკა ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე, ასევე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი იკვეთება როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, არასათანადო მოპყრობა არის ის, რაზეც მათ შორის დაკავებულები საუბრობენ.