ეუთო/ოდირის დასკვნამ კიდევ ერთხელ გააცამტვერა ის ყალბი მოლოდინები, რასაც ოპოზიციური ძალები უქმნიდნენ მოსახლეობას, ვინაიდან ეუთო/ოდირის დასკვნაში ცალსახად წერია, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ლაშხმა „დღის ქრონიკაში“.
მისი თქმით, დასკვნაში იმ წინსვლებზეც არის აქცენტი გაკეთებული, რაც მაგალითად 2020, 2018 წლის არჩევნების რეკომენდაციების აღსრულების ნაწილში იყო.
„გვახსოვს, რომ ახალი არჩევნების დანიშვნა, რეჟიმის დამხობა იყო მოთხოვნა 2020 წელსაც, 2018 თუ 2016 წლებშიც. ისიც გვახსოვს, რომ ის ევროპარლამენტარები იქნება ეს რასა, ჟიგიმანტასი თუ სხვა ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთადერთი რეპუტაციული ინსტიტუტი პრეზიდენტია, ისინი 2018 წლის ეუთო/ოდირის დასკვნასაც უგულებელყოფენ და მაშინ იმ რეკომენდაციებით რაც იყო – ხალხის მოსყიდვით არჩეული პრეზიდენტი, დღეს ხაზს უსვამენ და ამბობენ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტიაო“ – განაცხადა ლაშხმა.
ლაშხი IRI-ის დასკვნასაც შეეხო და მწუხარება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ამ ორგანიზაციამ სრულად გაინადგურა რეპუტაცია საქართველოში. მისი თქმით, ისინი უფრო მათი სურვილების გამომხატველ დოკუმენტებს აქვეყნებდნენ, რომლებიც სულ მცირე ათი პროცენტით სცდებოდა რეალურ სურათს. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობაში მათი რეპუტაცია სრულად განადგურებულია.
„რაც შეეხება რეპუტაციულ შეფასებას, ეს არის ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელსაც ემყარება ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აშშ და სხვა. შესაბამისად, ჩვენთვის სახელმძღვანელო არის ეუთო/ოდირის დასკვნა და არა რომელიმე გავლენების ქვეშ არსებული პირები, რომლებიც თავიანთ სურვილებს გამოხატავდნენ“, – აღნიშნა ლაშხმა.
ლაშხმა მოუწოდა IRI-ის და სხვა სამოქალაქო საზოგადოებას გადახედონ აშშ-ში და მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შეფასებას ეუთო/ოდირის მიერ. ლაშხმა აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირი თავისი არსით არ არის ერთგვარი ამღიარებელი ინსტიტუცია, ის სრულად მიმოიხილავს არსებულ პროცესებს.
„რა თქმა უნდა, დარღვევებზეც არის საუბარი და იმ დარღვევების რეკომენდაციები არის შესასრულებლად წარმოდგენილი, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო წარმომადგენელი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და აღიარებს ერთის მხრივ არჩევნებს და მოუწოდებს უკვე არჩეულ ხელისუფლებას ამ რეკომენდაციების აღსრულებისათვის, რომელზეც, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მზაობა არის“, – განაცხადა ლაშხმა.
მისი თქმით, შემდეგი არჩევნები იქნება თვითმმართველობის 2025 წლისათვის, ხოლო საპარლამენტო – 2028 წლის ოქტომბრის ბოლოს.
„ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, როგორც 2020 წელს მიღებული რეკომენდაციების აღსრულებაში ვიყავით ჩართულები, შესაბამისად ისე იქნება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნების მზადებაში, მათ შორის 2025 წლის არჩევნებისათვისაც“, – განაცხადა ლაშხმა.