„2023-2024 წლებში ევროკავშირში ყველაზე ნაკლები რაოდენობით თაფლი გავიტანეთ“ – „მეფუტკრეთა ასოციაცია“ მიზეზებზე

ევროკავშირის ბაზარზე საქართველომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ისტორიაში ყველაზე ცოტა თაფლი გაიტანა. რამ განაპირობა ეს ფაქტი? საკითხზე ,,კომერსანტი” ,,მეფუტკრეთა ასოციაციის” თავმჯდომარეს ესაუბრა. ალეკო პაპავა რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ერთ-ერთი 2023-2024 წლებში საქართველოში მოყვანილი თაფლის მცირე ოდენობაა.
,,ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. პირველი, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ღია ფერის თაფლი. აკაციის თაფლზე მაქვს საუბარი, რაზეც ევროკავშირში არის მოთხოვნა. წელს ექსპორტზე ჯამში 27 ტონა გავიდა და ისიც გავიდა -ში, იაპონიაში, კანადაში, აზიის ქვეყნებში, აზერბაიჯანში. ანუ ევროკავშირში ყველაზე მცირე იყო.”- განმარტავს ალეკო პაპავა.
მეორე მიზეზი ევროკავშირში თაფლზე ფასის დაცემა გახდა. ირკვევა, რომ ბაზარი იაფფასიანი და ფალსიფიცირებული პროდუქტით გაივსო, რამაც თავის მხრივ თაფლზე ფასის დაწევა გამოიწვია. ალეკო პაპავა განმარტავს, რომ ქართველ მეფუტკრეებს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად თაფლის რეალიზება არ შეეძლოთ და არ სურდათ, სწორედ ამიტომ, მათ ევროკავშირში პროდუქტის გატანის მოტივაცია დაკარგეს.
,,ევროკავშირს წელს ჰქონდა უხვი მოსავალი. ამის გარდა, იაფფასიანმა თაფლმა წალეკა ევროკავშირის ბაზარი, რაზედაც ევროკავშირშიც არეულობაა. ჩატარდა ამ ფაქტის ანალიზები დეენემის, მოლეკულურ დონეზე. აღმოჩნდა, რომ ევროკავშირში თაფლის 80% იყო ფალსიფიცირებული. იყო ბევრი ჩინური თაფლი. მათ ლაბორატორიებს გაეპარათ და ახლა მიდის საუბარი, თუ რა მეთოდებით გამოიკვლევენ ამ ფალსიფიცირებულ თაფლს, რათა ფალსიფიცირება აღმოიფხვრას. შესაბამისად, ამან ფასები გააიაფა. საქართველოს უბრალოდ არც უღირდა გაეყიდა ასეთ დაბალ ფასად. თვითღირებულება ჩვენთან უფრო მეტია და მეფუტკრეები (ევროპელი მეფუტკრეებიც) სვამდნენ კითხვას, როგორ არის თაფლი ასეთი დაბალი ფასი, როცა მისი თვითღირებულება მაღალია. ეს ფასი შეუძლებელია და სწორედ ამან წარმოშვა ის ეჭვები. ველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები თავად ევროკავშირში.”- განმარტავს ალეკო პაპავა.