რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი იმ ადგილების სიაში შეიყვანა, სადაც 2025 წლის 1 იანვრიდან 2031 წლამდე კრიპტოვალუტის მაინინგი აიკრძალება. ამის შესახებ რუსული სამთავრობო გამოცემა ТАСС წერს.
რუსეთის მთავრობა კრიპტოვალუტის მაინინგს კრძალავს დაღესტანში, ინგუშეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩრდილოეთ ოსეთში, ჩეჩნეთში, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებსა და ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონში.
მაინინგი ირკუტსკის ოლქის, იმიერბაიკალეთის მხარისა და ბურიატეთის რესპუბლიკის ზოგიერთ ტერიტორიაზე კონკრეტული გრაფიკით, არასრულად აიკრძალება – 2025 წელს 1 იანვრიდან 15 მარტამდე, ხოლო მომდევნო წლებში 15 ნოემბრიდან 15 მარტამდე პერიოდში.
მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრიდან რუსეთში კრიპტოვალუტის მაინინგის ლეგალიზების კანონი მოქმედებს, რომლითაც არარეგისტრირებულ მაინერებს ელექტროენერგიის ლიმიტად თვეში 6 000 კილოვატი უწესდებათ.