დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ, ეს მიუთითებს, რომ ბატონი მინისტრი, მისი გუნდი კარგად მუშაობს | ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის” პრეზენტაციასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ განათლების მინისტრისა და სამინისტროს წინააღმდეგ “მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს”. ღარიბაშვილის აზრით, ეს მიუთითებს, რომ მინისტრი და მისი გუნდი კარგად მუშაობს.
“ეს ტრანსფორმაციის პროცესი გაგრძელდება ძალიან ინტენსიურად, მე მინდა ასევე გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში, შემთხვევითი არ არის, რომ თითქმის ყოველ დღე, მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს სამინისტროს წინააღმდეგ, მინისტრის წინააღმდეგ, ეს რაზე მიუთითებს მეგობრებო, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბატონი მინისტრი და მისი გუნდი კარგად მუშაობს და სწორ საქმეს აკეთებს და რა თქმა უნდა, ამ საქმეს ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარსა და მის გუნდს და ვუსურვო წარმატებები”, – თქვა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა მასწავლებლების დღევანდელი ხელფასი 2012 წლის საშუალო ხელფასს შეადარა და თქვა, რომ საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება სრული დატვირთვის შემთხვევაში მასწავლებლის ხელფასი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი წამოწყებაა “განათლების ეროვნული მიზნები”. რომლებიც არ განახლებულა ბოლო 20 წლის განმავლობაში. “განახლებული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას, პატრიოტიზმის, ქართული ტრადიციების, კულტურისა და ოჯახის ფასეულობების კუთხით”, – თქვა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, ორი კვირაა მასწავლებლები დირექტორების შესარჩევ პროცესში დარღვევებს აპროტესტებენ და აქციას მართავენ სამინისტროსთან. ისინი ითხოვენ დირექტორების შესარჩევი ხელახალი კონკურსი ჩატარდეს და დანიშვნა დისკრეციის წესით მოხდეს. მათი თქმით, სკოლებში სამართლიანად არ ჩატარებულა.
ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით დირექტორთა არჩევნები საჯარო სკოლაში ჩატარდა, თუმცა სამინისტრომ, აბსოლუტურ უმრავლესობაში სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად დირექტორობის მხოლოდ თითო კანდიდატი წარუდგინა. სკოლის დირექტორობის არაერთი მსურველი კი არჩევნებს მიღმა დარჩა. სკოლების ნაწილმა სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატი არ აირჩია.