„შარშან ამ პერიოდში ახალი წლის დღეებში ჯავშნების რაოდენობა 80-85% იყო. ახლა განახევრებულია“ – სასტუმრო „საფირი ბაკურიანი“

ახალი წლის დღეებში, როგორც წესი, მთის კურორტები ხალხმრავლობით გამოირჩევა. თუმცა წელს სასტუმროები დამსვენებლების სიმცირეს განიცდიან. გაუქმებული ჯავშნების ფონზე, სასტუმროების უმეტესობა იმედებს სადღესასწაულო დღეებზე ამყარებს, თუმცა ირკვევა, რომ სტუმრიანობით არც ეს პერიოდი გამოირჩევა.
,,საფირი ბაკურიანი’’ ერთ-ერთია იმ სასტუმროებს შორის, სადაც სადღესასწაულო დღეებში დატვირთულობის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. სასტუმროში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ახალი წლის პერიოდში ნომრების მხოლოდ 40%-ია დაჯავშნილი, რაც წინა წლის ანალოგიური მაჩვენებლის ნახევარს შეადგენს.
,,31 დეკემბრიდან 8 იანვრამდე სასტუმროს დატვირთულობა 40%-ია. რაც რეალურად ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ახლა უკვე მინიმუმ 60-80% მაინც უნდა იყოს, რადგან რამდენიმე დღე დარჩა ახალ წლამდე. შარშან ამ პერიოდში, ახალი წლის დღეებში ჯავშნების რაოდენობა 80-85% იყო. შესაბამისად განახევრებულია.’’- აცხადებენ სასტუმროში.
ახალი ჯავშნების მიღების დაბალი მაჩვენებლის პარალელურად სასტუმროში გაუქმების მაღალ მაჩვენებელზეც მიუთითებენ. ამბობენ, რომ შექმნილი ვითარება დიდი ალბათობით ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირდება.
,,ჯავშნების გაუქმება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება და ახდენს გავლენას და დიდი ალბათობით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესაა. საკმაოდ გრძელვადიანი ჯავშნები გაგვიუქმდა. დეკემბრის 20-დან 28-ს პერიოდში რა ჯავშნებიც გვქონდა გაუქმდა. ასევე გაუქმდა თებერვლის ჯავშნებიც. ეს ჩემპიონატის პერიოდია. შესაბამისად, სასტუმრო სავსე უნდა იყოს, თუმცა ასე არ არის. ამ პერიოდში გაუქმება რას უკავშირდება ვერ გეტყვით. გრძელვადიანი გარკვეული ჯავშნები რამდენიმე კვირის წინ გაუქმდა. გაუქმდა როგორც დეკემბერში, ასევე იანვარსა და თებერვალში. ძირითადად უცხოელი მომხმარებლების ჯავშნები გვქონდა და მათ გააუქმეს.’’- აცხადებენ სასტუმროში ,,საფირი ბაკურიანი’’.