უახლოეს მომავალში კონკურსი გამოცხადდება და ყველა დაინტერესებულს მივცემთ მონაწილეობის საშუალებას | ამილახვარი დირექტორებზე

განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარმა სკოლებში დირექტორების კონკურსზე ისაუბრა და თქვა, რომ 840 სკოლაში სამეურვეო საბჭოებმა თავად აირჩიეს სკოლის დირექტორიები “სამინისტროს და მინისტრის ჩაურევლად, შესაბამისად, აქ მე მგონი პასუხი გაცემულია ყველა კრიტიკოსზე, როცა ისინი გარკვეულ არაობიექტურობაზე საუბრობენ”.
მისი განცხადებით, დარჩენილ, დაახლოებით 1 000 სკოლაში, კვლავ გამოსაცხადებელია კონკურსები. მინისტრმა თქვა, რომ დისკრეციის უფლებას, რომელიც აქვს და შეუძლია ნებისმიერი ადამიანი დანიშნოს დირექტორად, შეგნებულად არ იყენებს.
“ყოველგვარი მოსაზრებების და ხაზგასმის გარეშე მინდა პირდაპირ ვუთხრა ამ ადამიანებს, უახლოეს მომავალში, სრულიად სამართლიანი, ინკლუზიური, გამჭვირვალე კონკურსები გამოცხადდება იმ დარჩენილ სკოლებში, სადაც ვერ მოხდა შერჩევა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც აქვს სერტიფიცირება, ან უნდა, რომ მოიპოვოს სერტიფიცირება, ყველას, ხაზგასმით ვამბობ, მივცემთ შესაძლებლობას, შემოვიდეს კონკურსში და უზრუნველვყოთ, რომ სკოლებში იყოს გაცილებით მრავალფეროვანი და თავად სამეურვეო საბჭოებმა, იმ სკოლის ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე, იმ აკადემიური თავისუფლებიდან გამომდინარე, იმ ინსტიტუციური გაძლიერებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ სკოლებს გვინდა მივანიჭოთ, თავად გადაწყვიტონ ვინ იქნება მათი დირექტორი”, – თქვა ამილახვარმა.
მას არ დაუკონკრეტებია როდის დაიწყება კონკრუსი მაგრამ თქვა, რომ 2-3 თვეში ყველა სკოლას ეყოლება ახალი დირექტორი.
შეგახსენებთ, ორი კვირაა მასწავლებლები დირექტორების შესარჩევ პროცესში დარღვევებს აპროტესტებენ და აქციას მართავენ სამინისტროსთან. ისინი ხელახალი კონკურსის ჩატარებას და დირექტორის დისკრეციის წესით არჩევას ითხოვენ. კონკურსში მონაწილეების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესი უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით წარიმართა.