პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან დეპოლარიზაციის ნაცვლად, ის ხაზს გაუსვამს ქართულ პოლიტიკაში დღეს არსებულ “უფსკრულს”. მისი თქმით, ამ ფორმატით მონაწილეობის შინაარს ვერ ხედავს.
“სამწუხაროდ, არსებული ფორმატით ეს ღონისძიება ვერანაირად ვერ მოემსახურება დეპოლარიზაციას, ვინაიდან, ერთი მხრივ, ამ ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებენ ყოფილი თანამდებობის ძალიან მნიშვნელოვანი პირები, მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტები, ყოფილი პრემიერები, მინისტრები. მეორე მხრივ, ამ ღონისძიებაში არ მონაწილეობას მოქმედი ხელისუფლება.
დეპოლარიზაციის ნაცვლად ეს ღონისძიება მხოლოდ ხაზს გაუსვამს, თუ როგორი უფსკრული არსებობს დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ, ბუნებრივია, რომ საქართველოს ევროპული სტატუსისთვის მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ ამ კონკრეტულ ღონისძიებაში, ამ ფორმატით მონაწილეობის შინაარს ვერ ვხედავ და შესაბამისად, მისვლას არ ვაპირებ”, – განაცხადა მან.
პრეზიდენეტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნამდე 2 დღით ადრე, 13 დეკემბერს კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ადმინისტრაციაში შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემს.
ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვია, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პრემიერები, მინისტრები.
მიწვევაზე უარი განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ასევე, ქართული ოცნების თავმჯდომარემ და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მან თქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტის ღონისძიებაზე არაფერი ესაქმება”.