შიდა ბაზარზე გაყიდვები 70%-ითაა შემცირებული, რეალიზაციის მხრივ, პანდემიის პერიოდზე უარესი სიტუაციაა – ფაფრის ველი

ბიზნესის ნაწილი აცხადებს, რომ საახალწლო პერიოდის მიუხედავად, გაყიდვები შემცირდა, რაც ქვეყანაში შექმნილ არასტაბილურ ვითარებას უკავშირდება.
როგორც ღვინის მწარმოებელ კომპანია „ფაფრის ველში“ BMG-ის განუცხადეს, მათ შემთხვევაში, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების კლება 70%-ია.
კომპანიის დამფუძნებლის, შალვა ქურდაძის განცხადებით, რეალიზაციის შემცირება თავის მხრივ, სტუმართმასპინძლობის სექტორში მოთხოვნის კლებას და მომხმარებლის ნაკლებ აქტიურობას უკავშირდება.
„ქვეყანაში შექმნილი ვითარება პირველ რიგში, შიდა გაყიდვებს შეეხო, ფაქტობრივად, სარესტორნო და საცალო ბიზნესი მოკვდა და ეს მოსალოდნელიც იყო. როგორც ყველა სხვა დარგში, მეღვინეებიც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ ხოლმე ნოემბერ-დეკემბერის პერიოდზე, ამ დროს ხალხი ღვინოს, საჩუქრებს ყიდულობს. ახლა კი სარესტორნო ბიზნესი ფაქტობრივად განულებულია, მინიმალურზეა დასული, გაყიდვების თვალსაზრისით იმაზე უარესი სიტუაციაა, ვიდრე კორონა ვირუსის პერიოდში იყო. რეალიზაცია დაახლოებით 70%-ითა შემცირებული და ეს სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება, როდესაც იანვარ-თებერვალი დაიწყება“, – განაცხადა შალვა ქურდაძემ.