პიანისტმა, კომპოზიტორმა და დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა კიევიდან, ტელეკომპანია “ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა, რომ უდიდესი იმედი აქვს პროტესტის მონაწილეები გაიმარჯვებენ.
“ევროკავშირის წევრობა არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლისთვის გვინდა, რომელიც უკვე გვაქვს, არამედ ამ ღირებულებების გაფრთხილებისთვის, დაცვისთვის და განმტკიცებისთვის. საოცრად გააცნობიერა საზოგადოებამ და, განსაკუთრებით, ახალმა თაობამ ჯერ კიდევ „რუსული კანონის“ პირველი და მეორე შემოღების პროცესში და იქ გამოიკვეთა ის, რაც ახლა გრძელდება და კიდევ უფრო სრულყოფილების ფაზაში გადადის.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ. ყველა იმ წინა რევოლუციური თუ არარევოლუციური პროცესებისგან განსხვავებით [რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო], თითქოს ჩვენი საზოგადოების ახალი თაობა სხვა გამოცდილებით, სისხლით გრძნობს, რომ ახლა სხვა დროა, სხვა კულტურა უნდა გამოიჩინოს იმისთვის, რომ ცვლილებები მოხდეს. ეს, განსაკუთრებულად მშვიდობიანი ფორმა ძალიან მომწონს…
ჩვენ ყველასგან განვსხვავდებით იმით, რომ ვართ ასეთი შემოქმედებითები, ნებისმიერი დარგის წარმომადგენლები გამორჩეულად ხელოვანი სულის მატარებლები.
მთელს მსოფლიოში, როდესაც მელოდიას ერთი ადამიანი მღერის, გარშემო, თუ ვინმეს სურს, რომ აჰყვეს, ისინიც იმავე მელოდიას იმეორებენ. ქართული ბუნება კი მთელს დედამიწაზე გამორჩეულია – როდესაც მელოდიას ერთი ადამიანი მღერის, მეორეს და მესამეს ავტომატურად უნდათ, რომ განსხვავებული ხმა მისცენ – ეს სული იგრძნობა მთელს ამ პროცესში, რითაც მართლა განსხვავებულია ყველა იმ ბრძოლისგან, რომელიც სხვადასხვა ერებმა თავისუფლებისთვის გაიარეს“, – აღნიშნა ნიკოლოზ რაჭველმა.