ბევრი რამ ასოცირების ხელშეკრულებით დავარეგულირეთ, ბევრი რამ ჩვენი დღის წესრიგით და დღეს პიროტექნიკის დარეგულირებაც გადაწყდა – დავითაშვილი

ბევრი რამ ასოცირების ხელშეკრულებით დავარეგულირეთ, ბევრი რამ ჩვენი ინდივიდუალური დღის წესრიგით და დღეს პიროტექნიკის დარეგულირებაც გადაწყდა – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბიზნესმენების და ირაკლი კობახიძის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პიროტექნიკის რეგულირება მოქალაქეების ინტერესების დასაცავად გაკეთდა.
“პიროტექნიკა მთელ მსოფლიოში ძალიან მკაცრად რეგულირდება, რადგან ეს შეიძლება იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკების შემცველი პროდუქტი. აქედან გამომდინარე ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ დავარეგულირეთ, ბევრი რამ დარეგულირდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დღის წესრიგით და ევრონორმებს დაუახლოვდა.
ბევრი რამ ჩვენი ინდივიდუალური დღის წესრიგის ნაწილია – რეგულაციები რომელიც საჭიროა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. პიროტექნიკა ყველა ქვეყანაში მკაცრად რეგულირდება და თავისი წესები გააჩნია. საქართველოშიც ეს დრო მოვიდოდა და დარეგულირდებოდა. დღეს გადაწყდა ამის დარეგულირება და ისევ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, ეს ლიცენზირებადი სამუშაო იქნება”, – განაცხადა მინისტრმა.