საქპატენტმა 5 ახალ პროდუქტს გეოგრაფიული აღნიშვნის და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“ 5 უნიკალურ ქართულ პროდუქტს გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა – ინფორმაციას საქპატენტი“ ავრცელებს.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განაცხადის საფუძველზე, გორის ვაშლი, სვანური მარილი, კახური შაშხი და ბოლნისის ახალი კარტოფილი გეოგრაფიულ აღნიშვნებად, ხოლო, შპს იმერული ღვინის ასოციაციის მიერ შემოტანილი განაცხადით, ობჩის ღვინო ადგილწარმოშობის დასახელებად დარეგისტრირდა.
საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაცია საქპატენტის უფლებამოსილებას წარმოადგენს. ეს სტატუსები ენიჭება განსაკუთრებულ ქართულ პროდუქტებს. გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას, კონკრეტული პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია მის წარმოშობის ადგილთან, იქ არსებულ გარემოპირობებთან და, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულ წარმოების ტრადიციულ ცოდნასთან, რაც, საბოლოო ჯამში, ხდის თითოეულ ასეთ პროდუქტს გამორჩეულსა და უნიკალურს.
უახლოეს მომავალში საქპატენტი მიმართავს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციას (EUIPO) ევროკავშირის ტერიტორიაზე ახალი ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელების დაცვის მინიჭების მოთხოვნით. ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი ბაზა განახლდება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ მართულ ლისაბონის ხელშეკრულების რეესტრშიც. საქპატენტი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაზე შესაბამის ზომებს განახორციელებს და ახალი პროდუქტების გასავრცელებლად იმ ქვეყნებსაც მიმართავს, რომელთანაც გაფორმებულია ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებები ისეთ ქვეყნებთან როგორებიცაა შვეიცარიის კონფედერაცია, დიდი ბრიტანეთი, მოლდოვა და .
გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭება უზრუნველყოფს პროდუქტების დაცვასა და კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ქმნის მყარ საფუძველს სოფლის მეურნეობისა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.