თბილისის წილი საქართველოს ეკონომიკაში 53%-მდე გაიზარდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რაც 2023 წლის მდგომარეობით საქართველოს მშპ-ის სტატისტიკას ასახავს. თუკი 2022 წელს თბილისში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 51.2% იქმნებოდა, 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 52.7%-ს მიაღწია, რაც 1.6 პროცენტული პუნქტის ზრდაა. 2023 წელს თბილისის მიერ გენერირებული მშპ 42.6 მილიარდი ლარი იყო.
თბილისის შემდეგ საქართველოს ეკონომიკაში მეორე ადგილზეა აჭარა, რომელზეც მშპ-ის 9.5% მოდის, რაც თანხობრივად 2023 წელს 7.7 მილიარდი ლარი იყო, ამასთან აჭარის წილი საქართველოს ეკონომიკაში გასულ წელს 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
აჭარისგან განსხვავებით, შემცირებაა იმერეთის ეკონომიკაში, 2023 წელს იმერეთზე საქართველოს მშპ-ის 7.8% მოდიოდა, მაშინ როდესაც 2022 წელს იმერეთი საქართველოს ეკონომიკის 8.8%-ს ქმნიდა. ეს შემცირება სავარაუდოდ დაკავშირებულია იმერეთის ქალაქების მოსახლეობის კლების გრძელვადიან ტენდენციასთან, ასევე იმ ფაქტთან, რომ გასულ წელს იმერეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ფეროშენადნობების მოპოვება კრიზისში იყო და წარმოების და ექსპორტის მაჩვენებლები შემცირებული იყო.
საქართველოს ეკონომიკის 7.5%-ს ქმნის ქვემო ქართლის რეგიონი, რაც წინა წელთან შედარებით ასევე 0.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.