არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციებზე 28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ პირებთან მიმართებით მთელ რიგ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა.
არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების დაცვის ქვეშ მყოფი არაერთი დაკავებულის ინფორმაციით, დაკავების შემდგომ მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის, ტელეფონები, ყურსასმენები, ლეპტოპი, ჩანთა, სახლის და მანქანის გასაღებები, პირადობის მოწმობები, საფულე და სხვა.
NGO-ების თანახმად, დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ.
ზოგიერთი დაკავებულის განმარტებით, სამართალდამცველები მათ სთხოვდნენ ტელეფონის პაროლს, უარის შემთხვევაში კი, ძალადობდნენ მათზე. იყო შემთხვევები, როდესაც მობილური ტელეფონი დაკავებულებს ჩამოართვეს განყოფილებაში, თუმცა, გათავისუფლებისას ამ პირებს არ დაუბრუნდათ ნივთები. ნივთების ჩამორთმევაში გარკვეულ შემთხვევებში მონაწილეობდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები და განყოფილებებსა თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულების გადაყვანისას შესაბამის დოკუმენტებში აღინიშნებოდა, რომ მათ რაიმე ტიპის ნივთები არ ჰქონდათ დაწესებულებაში მიყვანის დროისთვის.
NGO-ების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უმეტესად დაკავებულებს ნივთები არ ჩამორთმევიათ კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი ცალკეულმა სამართალდამცავებმა კანონსაწინააღმდეგო გზით მიისაკუთრეს ან დაკავებულთა დასჯის მიზნით გადაუყარეს ისინი, რათა მათ აღარ ჰქონოდათ ნივთების დაბრუნების შესაძლებლობა.