როგორც ჩანს, ივანიშვილს გარკვეული ვადა აქვს მიცემული, არ ვიცით, ეს ვადა რამდენ დღიანია, მაგრამ ნათქვამი იყო, რომ მაკრონმა კიდევ უნდა დაურეკოს იმის გასარკვევად, რა გადაწყვეტილება მიიღო ბოლო-ბოლო – რა თქმა უნდა, ივანიშვილს დათმობა მოუწევს და რაც მალე დათმობს, მისთვისაც უკეთესია და ქვეყნისთვისაც,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
ბატიშვილმა ივანიშვილსა და მაკრონს შორის სატელეფონო საუბარზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ზარის უკან ვაშინგტონიც დგას.
„ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტ მაკრონის საუბარს ივანიშვილთან. ივანიშვილიც და ზურაბიშვილიც მოქალაქეობრივი თვალსაზრისით საფრანგეთთანაა დაკავშირებული და ამავე დროს, შეუძლებელია, რომ მაკრონს ეს ქმედება განეხორციელებინა შეერთებული შტატების ცოდნის თუ შეთანხმების გარეშე. მით უმეტეს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ წინა დღეს პარიზში იმყოფებოდა ტრამპი. ვაშინგტონის ადმინისტრაცია იცვლება და ამიტომ, შეიძლება ჩათვალოს, რომ ევროპულ საქმეებში უფრო აქტიური შეიძლება იყოს მაკრონი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი პიროვნება მოქალაქეობრივად საფრანგეთთანაა დაკავშირებული. როგორც ჩანს, ივანიშვილს გარკვეული ვადა აქვს მიცემული. არ ვიცით, ეს ვადა რამდენ დღიანია, თვეებზე ვერ გაიწელება, ნათქვამი იყო, რომ მაკრონმა კიდევ უნდა დაურეკოს იმის გასარკვევად, რა გადაწყვეტილება მიიღო ბოლო-ბოლო ივანიშვილმა. ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მხრიდან ივანიშვილის გარდა რომ გადაწყვეტილებას ვერავინ იღებს, ყველამ იცის. ზოგადად, უპრეცედენტოა, საერთაშორისო ურთიერთობებში ასე არ ხდება ხოლმე – ოფიციალური პირები ოფიციალურ პირებს უკავშირდებიან ხოლმე. ამ შემთხვევაში არაოფიციალურ პირთან მოხდა დაკავშირება და ეს იმას მიუთითებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს საკითხი საფრანგეთისთვისაც“,- განაცხადა ბატიაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სიტუაციის განმუხტვას ყველა ვარიანტში უნდა დათანხმდეს.
„ხელისუფლება ახლა არალეგიტიმურია. ეკონომიკა თავზე ჩამოექცევა, უფრო მეტი ფასის გადახდა და ისე წასვლა მოუწევს. ამიტომ ყველა ვარიანტში უნდა დათანხმდნენ სიტუაციის განმუხტვას. სიტუაციის განმუხტვის ერთადერთი საშუალება კი არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დასჯა მათი, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ხალხის წამებაში და მეორე – განმეორებითი არჩევნები, რომელიც იქნება თავისუფალი ყოველგვარი გავლენისგან ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის 29 დეკემბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ ცხოვრების გისოსებს მიღმა გაგრძელების შესაძლებლობაზე საუბრობს, ბატიაშვილი ამბობს, რომ თუ „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილს დააკავებს, ამას ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი ექნება.
„ამათ [„ქართულ ოცნებას“] ზოგადად, სიშლეგეები ახასიათებთ და შეიძლება, ესეც გააკეთონ, მაგრამ ერთია, რას გააკეთებ და მეორე – რა შედეგი მოჰყვება. თუ დღემდე მხოლოდ ერთი მინისტრია დასანქცირებული, შემდეგ შეიძლება მთელი მინისტრთა კაბინეტი და მოადგილეები დასანქცირდნენ. შეიძლება ხელისუფლებაში კაცი არ დარჩეს, რომელიც დასანქცირებული არ იქნება. თუ ამაზე წამსვლელები არიან, უფრო მალე ჩამოიშლებიან. ყველა ქმედებას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს და ეს ფასი ძალიან დიდი იქნება. თუ ვსაუბრობდით მაკრონის ივანიშვილთან საუბარზე, შემდეგ მაკრონი იძულებული გახდება ქმედებებზე გადავიდეს და საუბრით არ შემოიფარგლოს. სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოს სახელით უცხოელებს ელაპარაკება. მეტი ვეღარავინ. საგარეო საქმეთა მინისტრადაც არ მოიხსენიებენ ბოჭორიშვილს და მოიხსენიებენ როგორც პარტიის წარმომადგენელს. იგივეა სხვების, მათ შორის კობახიძის შემთხვევაშიც. ერთადერთია ზურაბიშვილი. მას საერთაშორისო ურთიერთობები კარგად ესმის. უცხოეთშიც მისი ფასი კარგად იციან. ამიტომ, მის დაპატიმრებას თუ შესაძლო სხვა ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებენ. რა თქმა უნდა, ივანიშვილს დათმობა მოუწევს. რაც მალე დათმობს, მისთვისაც უკეთესია და ქვეყნისთვისაც. თუმცა, ვნახოთ, 29-მდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. საერთაშორისო არენაზე და ქვეყნის შიგნითაც, წნეხი მზარდია. ეს გვაჩვენა გუშინ და გუშინწინდელმა აქციებმა, რომელიც მომატებულია როგორც რაოდენობის, ისე შინაარსის თვალსაზრისითაც. პოლიტიკური განზომილებაც მიეცა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა. ხალხი შეიძლება ფიქრობს, რატომ არ იყო სანქციები გუშინ და გუშინ წინ, მაგრამ შაბათ-კვირა დასვენების დღეა. სანქციები გაგრძელდება და ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.