მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ამბობს, რომ განაჩენის შემდეგ მისი ოჯახი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს.
ინტერპრესნიუსისთვის გაგზავნილ წერილში გრიგორიადისი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებებსა და მისწრაფებებში ეჭვი არ ეპარება.
“ჩემი ოჯახის წევრები აპირებენ, რომ მიმართონ ქალბატონ სალომეს ჩემს შეწყალებაზე. ჩემი თხოვნა აღარ სჭირდება. მე დაახლოებით ვხვდები, როგორი პიროვნებაცაა ჩვენი პრეზიდენტი. ასე რომ, ვფიქრობ, შეხსენებები, შეწუხება არ სჭირდება. თუ შემიწყალებს, პირისპირ გავესაუბრებოდი დიდი სიამოვნებით. საერთო მიზნები გვამოძრავებს ხელისუფლებისგან განსხვავებით. მე ეჭვი არ მეპარება მის ქმედებებსა და მისწრაფებებში. ვხედავ და საზოგადოებაც ხედავს ყველაფერს, რასაც ის აკეთებს ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მისი გადასაწყვეტია, შემიწყალებს თუ არა, ჩემს შეხედულებებს შეწყალების ფაქტორი არანაირად არ ცვლის”, – წერს გრიგორიადისი.
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.
22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.