სოციალურ ქსელებში გამოთქმული საყვედურები, რომ ლატვიაში თავშესაფრის მქონე უკრაინელები ტვირთად აწვებიან ამ ქვეყნის ბიუჯეტს, ეკონომიკური რეალობით არ დასტურდება. ამ ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებლის უკრაინულენოვანი და რუსულენოვანი სამსახურები (LSM+) ავრცელებენ.
„უფრო პირიქით არის: უკრაინელ დევნილებს, ფაქტობრივად, უფრო მეტი თანხა შეაქვთ ლატვიის ხაზინაში, ვიდრე იქიდან იღებენ,“ – დაასკვნის LSM+, სამთავრობო უწყებების მონაცემებზე დაყრდნობით.
ლატვიის სახელმწიფო ბიუჯეტმა, უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად, მთელი 2024 წლისთვის, 70 მილიონი ევრო გამოყო და წლის განმავლობაში ეს თანხა უნდა გაზრდილიყო. თუმცა, როგორც ჩანს, პირიქით მოხდა.
ლატვიის შსს-ს პრესსამსახურის მიერ LSM+-ისთვის გადაცემული მონაცემებიდან დგინდება, რომ 12 დეკემბრის მდგომარეობით, ამ თანხიდან რეალურად მხოლოდ 55,86 მილიონი ევროა გაცემული.
ამ უწყების წარმომადგენელმა, ევიტა ტევიცე-მამაიამ LSM+-ს განუმარტა, რომ საუბარია ლატვიელი დამსაქმებლების მიერ სახელმწიფო შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე გამოთვლილ თანხებზე. ამ გადასახადების ბიუჯეტში ფაქტობრივი გადარიცხვა არის დამსაქმებლის პასუხისმგებლობა და არა დასაქმებულის (ეს, ცხადია, ეხება არა მხოლოდ უკრაინელებს, არამედ ყველა დასაქმებულს).
როგორც სახელმწიფო შემოსავლების სამსახურში LSM+-ს განუცხადეს, დეკემბრის დასაწყისში ლატვიაში თითქმის 10 ათასი უკრაინელი მიგრანტი იყო დასაქმებული.
LSM+-ის გათვლებით, 2024 წელს, ლატვიაში მომუშავე ყველა უკრაინელი მიგრანტის ხელფასებზე გადასახადები თვეში, საშუალოდ, 5 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ მათმა მთლიანმა წვლილმა ნოემბრის თვეში ფაქტობრივად უკვე გადააჭარბა ბიუჯეტის ხარჯებს, რომელიც მხარდაჭერის პროგრამებით იყო გათვალისწინებული. ასე რომ, დეკემბრისთვის უკრაინელი დევნილების შემოსავალ/გასავლის ლატვიის ბალანსი „დადებითი“ იქნება.
აქ, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია მხოლოდ უკრაინელების მხარდაჭერის შიდა ხარჯები და არა თავად უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ღირებულება.
მაგრამ უკრაინელების წვლილი ლატვიის ბიუჯეტში მხოლოდ სახელფასო გადასახადებით არ შემოიფარგლება – ქვეყნის ყველა სხვა მცხოვრების მსგავსად, უკრაინელებიც საქონლისა და მომსახურების მომხმარებლები არიან.
შესაბამისად, ლატვიური მაღაზიის სალაროში გადახდილი ყოველი ევროდან დაახლოებით 18 ცენტი სახელმწიფო ხაზინაში დამატებული ღირებულების გადასახადის სახით შედის.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ლატვიაში მცხოვრებ უკრაინელ მიგრანტებს, ხელფასების გადასახადის გარდა, ქვეყნის ხაზინაში კიდევ რამდენიმე მილიონი ევრო შეაქვთ. Lsm+-ის შეფასებით, სახელფასო გადასახადები თვეში დაახლოებით 5 მილიონ ევროს შეადგენს, დამატებითი ღირებულების გადასახადით კი ამ თანხას კიდევ რამდენიმე მილიონი ევრო ემატება.
წყარო: 1 არხი