“ხორუმით ევროპისკენ” – ამ ლოზუნგით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ქართველი მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
არსებული ინფორმაციით, ისინი ოპერასთან გაჩერდებიან, საიდანაც ცეკვით პარლამენტამდე მივლენ.
გზის სავალ ნაწილზე მდგომი ავტომანქანები სიგნალებით დემონსტრანტების მხარდაჭერას გამოხატავენ. ამასთან, ისმის შეძახილები, “საქართველოს გაუმარჯოს”.
დღეს, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები – ქუთაისელები, აჭარლები, რაჭველები, მეგრელები, სვანები, მესხები – სხვადასხვა ლოკაციებზე იკრიბებოდნენ და ქალაქის ქუჩებში მსვლელობებს მართავდნენ, საბოლოოდ კი, ყველანი პარლამენტთან მივლენ.
დემონსტრანტები მიმდინარე აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ამ მოთხოვნას შეუერთდნენ და მსვლელობა მოაწყვეს კახა ბენდუქიძის კამპუსის წევრებმა, ასევე პედაგოგებმა.