უნგრეთში საცხოვრებლად სულ უფრო მეტი გერმანელი (განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის) გადადის. XXI საუკუნის დასაწყისიდან მათი რიცხვი მესამედით გაიზარდა. გერმანელებს უნგრეთში იზიდავთ ის, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება უფრო იაფია, მათ ისევე ეჭვი ეპარებად თავიანთი ქვეყნის პოლიტიკური კურსის სისწორეში – მაგალითად, მიუღებლად მიაჩნიათ მიგრაციის მიმართ რბილი მიდგომა. უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ყოველივე ამას საკუთარი მთავრობის წარმატებად წარმოაჩენს.
უნგრეთის სოფელ შოლოსგიორეკში ყოველი მეათე სახლი უკვე გერმანელებს ეკუთვნით. ბევრი მათგანი აქ ბალატონზე დასასვენებლად ჩამოდის, მაგრამ უფრო მეტი – მუდმივად საცხოვრებლად. „გერმანია ჩემი ქვეყანა აღარ არის. მე იქ თავს კომფორტულად ვეღარ ვგრძნობდი იმის გამო, რაც ბოლო წლებში ხდება“, – ამბობს გერმანიიდან ემიგრირებული ინესა ივანი.
ის აქ მეუღლესთან ერთად აღმოსავლეთ გერმანიიდან – ანტიიმიგრაციული მოძრაობის ბასტიონიდან – ჩამოვიდა. ინესა და ანდრე ამტკიცებენ, რომ მიგრაციამ ისინი სამშობლოში უკანა პლანზე გადასწია, ამიტომ მიგრაციაში წავიდნენ ქვეყანაში, სადაც ბევრად უფრო მკაცრი დამოკიდებულება აქვთ უცხოელების, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლელი ხალხის მიმართ. „გერმანიაში თავს მეორეხარისხოვან მოქალაქედ გრძნობთ, მხოლოდ იმისთვის არსებობთ, რომ იმუშაოთ და გადასახადები გადაიხადოთ“, – აცხადებს ანდრე ივანი.
გერმანიის მთავრობა მუდმივად იმეორებს, რომ ეკონომიკა და შრომის ბაზარი მიგრანტებზეა დამოკიდებული, უნგრეთის საზოგადოება კი, ძირითადად, მათი მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე აკეთებს აქცენტს, თუმცა მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი ორივე ქვეყანაში დაახლოებით ერთნაირია.
ოფიციალურად უნგრეთში 22 000 გერმანელი ცხოვრობს, მათგან ნახევარზე მეტი პენსიონერია. პოლიტიკური მიზეზების გარდა, მათ უნგრეთში დაბალი გადასახადები და იაფი საცხოვრებელი პირობები იზიდავთ.
ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების ფასები აქ ორჯერ დაბალია. „მიუხედავად იმისა, რომ მათ (უნგრელებს) დაბალი პენსია, 800-900 ევრო აქვთ, ეს უნგრეთში ღირსეული ცხოვრებისთვის სავსებით საკმარისია. უნგრეთში ამინდიც კი უკეთესია. ბევრი ამბობს, რომ ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განმარტავს ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი, კრისტოფ შომბატი.
მათი ქვეყნის მიმართ გერმანელების გაზრდილი ინტერესი პროსამთავრობო მედიის მიერ უნგრეთის წარმატებად არის წარმოდგენილი. „ხაზგასმით კეთდება აქცენტი ეგრეთ წოდებულ „დასავლეთის დაცემაზე“ – სლოგანზე, რომელსაც უნგრეთის მემარჯვენე რეჟიმი თვითაღიარების საშუალებად იყენებს“, – ამბობს შომბატი.
მაგრამ გერმანულ მიგრაციას უნგრული გაცილებით აჭარბებს – ასობით ათასი უნგრელი საპირისპირო მიმართულებით, სასწავლებლად ან ევროკავშირის უდიდეს ეკონომიკაში დასაქმებისთვის მიდის. ბევრი მათგანი იქ მუდმივად საცხოვრებლად რჩება.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი