Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს გამართავენ.
მარშის მონაწილეები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეიკრიბებიან და აქცია-მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
ამ ფორმით ისინი არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას გააპროტესტებენ
“ჩვენ ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას. გადაწყვეტილებას, რომელიც უმძიმეს შედეგებს მოუტანს საქართველოს განათლების სისტემას.
რა მოხდა?
6 დეკემბერს დარგის სპეციალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას.
ეს ნიშნავს:
· უმაღლესი განათლების რეპუტაციის დაზიანებას და საერთაშორისო ნდობის დაკარგვას.
· სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტებისა და დიპლომების აღიარების ეჭვქვეშ დაყენებას საზღვარგარეთ.
· ერთობლივი საერთაშორისო პროგრამების შემცირებას და Erasmus-ის მსგავსი მობილობის გართულებას.
· საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების მიღების შესაძლებლობების შეზღუდვას
ჩვენ, Erasmus-ის პროგრამების მონაწილეებს, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ევროკავშირის ქვეყნებში განათლების მიღების და პროგრამებში მონაწილეობის უპირატესობები. თუმცა, 28 ნოემბერს არალეგიტიმურმა მთავრობამ ღიად თქვა უარი ევროპულ კურსზე. სწორედ ამ ანტი-დასავლური ქმედებების შედეგად, სხვა სტუდენტებისთვის შეუძლებელი გახდება მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობის მიღება.
ჩვენ გვაქვს თანამედროვე განათლების მიღების უფლება და არ დავუშვებთ მისი მომავლის ეჭვქვეშ დაყენებას!” – ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა. რეგისტრაციის შეჩერება EQAR-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა ასახული. EQAR-ის ვებგვერდის თანახმად, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აქტივობები ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პრინციპების (ESG) ფარგლებში მოიცავდა: საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ერთობლივი პროგრამების აკრედიტაციას, უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ავტორიზაციას (ან ხელახლა ავტორიზაციას) და ევროპულ მიდგომას ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველსაყოფად.
ქართული მხარე, კერძოდ, განათლების სამინისტრო, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) „საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის“ რეგისტრაციის გაუქმებას გაასაჩივრებს.
როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თქვა, გადაწყვეტილება 2023 წლის საქართველოს საკანონმდებლო მდგომარეობას ეყრდნობა, რის შემდეგაც პარლამენტმა ხარვეზები გამოასწორა.
“გასაჩივრების მოკლე ვადებია და იმედია, ამის შედეგად ეს ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. თუმცა ამას სტუდენტებზე, დიპლომებზე, არავითარი პრაქტიკული გავლენა არ აქვს. ENQA-ს წევრი საერთოდ არ ვიყავით, ევროპაში კი ჩვენი დიპლომები დიდი ხანია აღიარებულია. სულ რამდენიმე წელია, რაც ENQA-ს წევრი ვართ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მოგვიანებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმაც იგივე განაცხადა და დაამატა, რომ გასაჩივრებისთვის ცენტრს 20-დღიანი, სააპელაციო კომიტეტს კი განხილვისთვის 60-დღიანი ვადა აქვს. მარგიშვილის განმარტებით, თუ სააპელაციო კომიტეტი არ გაითვალისწინებს ცენტრის არგუმენტებს, EQAR-ისგან დამატებით შეფასებას მოითხოვენ.
“EQAR-ში რეგისტრაციის შეჩერება, საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების, დიპლომების აღიარებას არ უკავშირდება, ასევე არ უკავშირდება სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს. ჩვენი ორგანიზაცია 2018 წლიდან არის სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის წევრი ორგანიზაცია. შესაბამისად, მანამდე მოვიპოვეთ ამ ორგანიზაციის წევრობა, ვიდრე ENQA-ს და EQAR-ის წევრი ორგანიზაცია გავხდებოდით, აქედან გამომდინარე არც სამედიცინო განათლების მიმართულებით შეძლება ითქვას, რომ რაიმე ტიპის დაბრკოლება შეიძლება შეექმნათ ჩვენს ადგილობრივ საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ მედიცინის პროგრამებზე სწავლობენ“,- განაცხადა ლაშა მარგიშვილმა.