თბილისის ცენტრში მთავრობის ადმინისტრაციის წინა მხარეს, საიდანაც მოქალაქეები შენობაში შედიან ახლა ჯებირით არის შემოღობილი. რკინის ღობის გაკეთება შენობის წინ პარკის მოწყობის სამუშაოების ფარგლებში გადაწყდა.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ რკინის ჯებირი წლების წინაც იყო. ის ვარდების რევოლუციის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გადაწყვეტილებით მოხსნეს.
კანცელარია თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედნიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს. ღია სივრცეში, რომელსაც მოქალაქეები საპროტესტო აქციების გასამართად იყენებდნენ, ახლა ხელოვნური კუნძულები ეწყობა და ხეები უნდა დარგონ. პარკსა და ეზოს წინა ნაწილს შორის კი ახლა დაახლოებით 2,5 მეტრის სიმაღლის რკინის ჯებირებია აღმართული, რომელიც მყარად არის დამაგრებული ბეტონის საფარში.
რადიო თავისუფლების კითხვები მთავრობის პრესსამსახურმა ამ საკითხზეც უპასუხო დატოვა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
მთავრობამ ადმინისტრაციული შენობის წინ სამშენებლო სამუშაოები მოულოდნელად 8 თვის წინ, 2023 წლის 7 აპრილს დაიწყო. ამ დრომდე უცნობია, რა თანხა იხარჯება ან როდის დასრულდება სამუშაოები.
მთავრობის ადმინისტრაციამ ასევე მოულოდნელად დაიწყო კანცელარიის შენობის სახურავზე ერთსართულიანი ნაგებობის დაშენება. მანამდე ამ ადგილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, წინა პრემიერების მსგავსად, არაერთხელ გამასპინძლებია მაღალი რანგის სტუმრებს.