პროტესტის ურბანული გავლენა

თბილისს არაერთი საპროტესტო გამოსვლა უნახავს — აქციები, რომელთა შედეგადაც შეიცვალა, განახლდა და გაუმჯობესდა ქვეყნის პოლიტიკური ტრაექტორია. თუმცა, საგულისხმოა, რომ მოქალაქეთა პროტესტმა გავლენა იქონია ქალაქის ურბანულ ხასიათზეც. აქციები ტარდებოდა მთავრობის სახლთან, პარლამენტთან, თავისუფლების მოედანზე, უნივერსიტეტებთან და იპოდრომზეც კი. ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ ზოგიერთი ლოკაცია კონკრეტულ მოვლენებთან ასოცირდება.
ფოტოხელოვანი, გურამ წიბახაშვილი ერთ-ერთია, ვინც საკმაოდ ბევრ საპროტესტო გამოსვლაში მიიღო მონაწილეობა და ზოგიერთი მათგანი ფოტოფირზეც აღბეჭდა. სწორედ მას ვთხოვეთ, გაეხსენებინა ემოციები და განწყობები და გაეზიარებინა ფოტომასალა, რომელიც თბილისში ჩატარებულ აქციებს აღბეჭდავს.
ფოტო – გურამ წიბახაშვილი
გურამ წიბახაშვილი:
„პროტესტი დასამახსოვრებელი იმით ხდება ხოლმე, თუ რამდენად ინტენსიურია. ინტენსიურობა კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გულწრფელია ადამიანი და რამდენად აწუხებს საკითხი, რამდენად ეხება ის მის თავისუფლებას, ქვეყნის თავისუფლებას. ქვეყნის თავისუფლება კი, შესაბამისად, ადამიანის თავისუფლებაა. ეს ფოტოებშიც ძალიან თვალნათლივ ჩანს ხოლმე.“
როგორც ფოტოხელოვანი იხსენებს, პირველი მასშტაბური პროტესტი, რომელიც მკვეთრად ახსოვს, 1978 წელს გამართული აქციაა, როდესაც ქართველი ხალხი სახელმწიფო ენის დაცვას ცდილობდა. მაშინ საბჭოთა მთავრობას სურდა, ქართულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი მოეხსნა და სსრკ-ში საერთო ენა რუსული ყოფილიყო. 14 აპრილს საქართველოს ათასობით მოქალაქე, მათ შორის სტუდენტებიც, ქუჩაში გამოვიდა. დემონსტრაცია იმდენად მასშტაბური იყო, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება გააუქმა.
„78 წლის მიტინგი იმიტომ არ მაქვს გადაღებული, რომ მე და ჩემი მეგობარი პოლიციაში წაგვიყვანეს. უნივერსიტეტიდან რომ გამოვედით, ვიღაცამ მოგვატყუა, ჩვენებს იჭერენ და მოგვეხმარეთო. ჩაგვყარეს მანქანაში და პოლიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს. ფაქტობრივად, მაგათ რადიოგადამცემებში ვუსმინე, რა ხდებოდა. 5 საათი დაკავებულები ვიყავით და მარტო ჩვენ კი არა, ალბათ კიდევ 40 ადამიანი იყო. ამიტომაც არ მაქვს ფოტოები, მაგრამ 78 წელი იყო კარგი მაგალითი — ეს იყო მოწმენდილ ცაზე გავარდნილი მეხი. უცებ გამოგვიცხადეს, რომ ენა შენი აღარ იქნება და იხუვლა ხალხმა. ორი აზრი არ არსებობდა. ყველანი ადგნენ, სახლებიდან გამოვიდნენ და წავიდნენ მიტინგზე. ამან გამოიწვია ის, რომ იმავე დღეს უკან დაიხია მთავრობამ და თქვა, არა, არა, თქვენი იყოს ეგ ენა ისევო. როცა ხვდები, რომ რაღაცა ზღვარს გადადის, გული მოგდის, სახიფათო მდგომარეობა იქმნება — ხვალ თუ ეს გაუვიდათ, რუსეთში აღმოჩნდები ისევ. ეს სულ ჩანს ხოლმე. 9 აპრილიც ასე იყო,“ — იხსენებს გურამ წიბახაშვილი.
1978-დან 1989 წლის 9 აპრილამდე თბილისმა კიდევ რამდენიმე მასშტაბური გამოსვლა იხილა. მათ შორის იყო 9 აპრილის წინაპირობა — 88 წლის აქციები. ეს დემონსტრაცია, დანარჩენებისგან განსხვავებით, თავდაპირველად, იპოდრომზე გაიმართა.
„პირველი 88 წლის აქცია წავიდა იპოდრომზე. უნივერსიტეტიდან დაიძრა, ჭავჭავაძე გაიარა, ვაკე-საბურთალოს გზა გაიარა და შევიდა იპოდრომზე. იქ იყო უზარმაზარი მიტინგი. მაგრამ მერე, ყველა მიხვდა, რომ მთავრობის სასახლე არის ცენტრალური ქუჩა და ცენტრალურ ადგილას უნდა გამოხატო ცენტრალური პრობლემა. ამიტომ, ეს აღარც იცვლება ხოლმე. თან, ყოველთვის, ყველასთვის ადვილად მისადგომი ადგილია. მოგვიანებით, ვითომ ბალახები ააშენეს, რაღაცები შეცვალეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხალხი მივიდეს. მაგრამ, მაგას არაფერი უშველის. ახლა აღმოჩნდა, რომ ტროტუარი დაპატარავდა და ადგილი აღარაა. შესაბამისად, პირდაპირ გზაზე უწევს ხალხს დგომა და გზაც უფრო მალე იკეტება,“ — ამბობს ფოტოხელოვანი.
შემდეგ იყო 89 წლის აპრილის აქციები. როგორც გურამ წიბახაშვილი იხსენებს, აქ უკვე ყველა მიხვდა, რომ ხალხს ვეღარ გააჩერებდნენ. მონაწილეობის პარალელურად, ფოტოხელოვანმა მაშინ მიმდინარე მოვლენები საკუთარ ფოტოფირზეც აღბეჭდა.
ფოტო – გურამ წიბახაშვილი
“როგორც კი რაღაც სახიფათო ხდება, ხალხი აღარაფერს დაგიდევს. მეტი გზა არ რჩება ხოლმე, გამოდის და იძახის, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. პოლიცია არის ხოლმე გადამწყვეტი, პოლიციაც უნდა მიხვდეს, რომ ისიც არის ხალხი. მიტინგების იქით ხალხს მეტ გზას არ უტოვებს ის, ვინც ცდილობს, ისევ ჭაობში დააბრუნოს. ეს ფოტოებშიც ჩანს. პირველ მიტინგებზე ფირი არ მქონდა, ფოტოაპარატიც არ მქონდა. მერე, ყველაზე ცუდი ფოტოაპარატი მქონდა და ყველაზე ცუდი, საბჭოთა ფირი. საბჭოთა ფირი როგორ შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს. ზედ აღვბეჭდე ის, რაც ნამდვილი იყო,“ – იხსენებს გურამ წიბახაშვილი.
ფოტო – გურამ წიბახაშვილი
ფოტოხელოვანი ახლა, თბილისში მიმდინარე აქციებსაც ხშირად ესწრება. ინტერვიუს მსვლელობისას ისიც ახსენა, რომ დღეს, ასეთი ამბების გაშუქებაზე უამრავი ფოტოგრაფი მუშაობს, სხვადასხვა აპარატით, სხვადასხვა ხედვითა და რაკურსით. მასალა, წლების წინანდელ მიტინგებთან შედარებით, საკმაოდ ბევრია.
ფოტო – გურამ წიბახაშვილი
„არის ხოლმე პატარ-პატარა მიტინგები, პატარ-პატარა გამოსვლები, მაგრამ ხვდები, რომ ეს არ არის გადამწყვეტი მომენტი. ვფიქრობ, ახლა ნამდვილად გადამწყვეტი მომენტია. გავდივარ და ვიღებ ცოტ-ცოტას. ახლა ისეთი ფოტოგრაფები იღებენ და ისეთ ფოტოებს იღებენ, ცხოვრებაში ვერ გადავიღებდი, ვერც მანამდე და ვერც მერე. ამიტომ, წყნარად ვარ, რომ ისინი იღებენ. ეს ხომ მასალაა, დღეს შეიძლება ვიღაცას სჭირდებოდეს, რომ ვიღაც ამოიცნოს, მაგრამ ხვალისთვის ეს რეალური მასალაა. ახლა იმაზე მეტ ფოტოს გიღებენ, ვიდრე არსებობ. ბევრი გმირი ფოტოგრაფი დგას და იღებს. მეც ვდგავარ ხოლმე და რაღაცებს ვიღებ, რაც შემიძლია. საინტერესოა ისიც, რომ ზოგიერთი აქცია კონკრეტულ მისამართზე ინაცვლებს. მაგალითად, კინოინდუსტრიის ხალხი კინოცენტრში მივიდა, თეატრალები – თეატრში და ა. შ. ეს ხომ მათი სახლებია, რომლებშიც აღარ უშვებენ, კარს უკეტავენ. თუ ისინი იქიდან წამოვლენ, სხვაგან შექმნიან სახლს. თეატრი და კინო სხვაგან გადავა და გადავიდა კიდეც. აღარ სჭირდება კინოცენტრი,ან აკადემიური თეატრი. ისე აკეთებენ ძალიან მაგარ ფილმებს, რომლებიც მერე პრემიებს იღებენ. ადამიანს თუ გამოხატვა სჭირდება, რაღაც გზას მოძებნის. რამდენი მაგარი თავისუფალი თეატრი ჩამოყალიბდა, რომლებიც გაცილებით კარგად ასრულებს თეატრის როლს, იმაზე უკეთ, აკადემიური თეატრები, რომლებიც ასე ჩაიკეტა და სარკოფაგები გახდა, ფაქტობრივად. სარდაფშიც შეიძლება გააკეთო თეატრი და ასეც არის. ახალი თეატრები სარდაფებში დაიწყო. მთავარია სურვილი გქონდეს და მაყურებელი გყავდეს. მაყურებელი მაშინ გეყოლება, როცა მართალი ხარ. ხელოვნების ყველა სფეროში ასეა,“ — ამბობს გურამ წიბახაშვილი.
um.ge