პარლამენტში 9 თვეა დევს ჩვენი კანონპროექტი საშიში პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ | ნაცვლიშვილი

“ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა და მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულია მათი კანონპროექტი, რომელიც პიროტექნიკის აკრძალვას ეხება.
ნაცვლიშვილმა გამოჯანმრთელება უსურვა ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან გუშინ თბილისში გადმოყვანილ ბავშვს, რომელმაც პიროტექნიკის აფეთქებით დაზიანება მიიღო.
“მე მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ამ პარლამენტში ჩვენ მიერ მომზადებულია და 9 თვეა დევს კანონპროექტი საშიში პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ, ეს კანონპროექტი არის რეგისტრირებული 28 მარტს, გასულია 9 თვე და “ქართული ოცნება” ისე აპირებს დაასრულოს სესია, რომ კომიტეტზე არც ერთი განხილვა არ ყოფილა. რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ფორმალურად ჩატარდა, მაგრამ შედეგი არის ის, რომ ბავშვი დაზიანდა და სამწუხაროდ, ახალი წლის პერიოდში არ არის იშვიათი საქართველოში მსგავსი დაზიანების ფაქტები. ეს არის იმ გულგრილობის შედეგი, რომლითაც “ქართული ოცნება” მოეკიდა ამ თემას და გამზადებული კანონპროექტი შემოდო თაროზე”, – ამბობს ნაცვლიშვილი.
ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტს გასულ კვირას ათასობით მოქალაქემ პეტიციით დაუჭირა მხარი და მათ კიდევ ერთხელ მიმართეს პარლამენტს მიიღონ შესაბამისი ცვლილებები.