ამერიკელი დიპლომატები ასადის დამხობის შემდეგ სირიაში პირველად ჩავიდნენ

პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის დამხობის შემდეგ სირიაში პირველად ჩასული ამერიკელი დიპლომატები ახლა დამასკოში არიან. ისინი ქვეყნის ახალ ლიდერებთან მოლაპარაკებებს მართავენ და დაკარგული ამერიკელი ჟურნალისტის, ოსტინ ტაისის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობენ.
20 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სირიაში იმყოფებიან ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბარბარა ლიფი, სირიაში ყოფილი საგანგებო დესპანი დენიელ რუბინსტაინი და პრეზიდენტ ს ადმინისტრაციის მთავარი დესპანი მძევლების საკითხებზე მოლაპარაკებებში როჯერ კარსტენი. ისინი სირიაში ქვეყნის დროებით მთავრობასთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრნენ.
ეს გუნდი არის ამერიკელი დიპლომატების პირველი ჯგუფი, რომელიც სირიას ოფიციალურად ეწვია ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ იმ დროიდან, როდესაც შეერთებულმა შტატებმა 2012 წელს დამასკოში თავისი საელჩო დაკეტა.
სირიაში ბაშარ ალ ასადის ხელისუფლება 8 დეკემბერს დაემხო. ამბოხებულთა შეიარაღებული ჯგუფები მას შემდეგ ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს აკონტროლებენ. სირიის ახალ ლიდერ აჰმედ ალ-შარაასთან (იგივე აბუ მოჰამად ალ-ჯოლანი) ცოტა ხნის წინ ბრიტანელი დიპლომატები ჩავიდნენ, შემდეგ კი სირიის ახალი მთავრობის წარმომადგენლებს გერმანიისა და საფრანგეთის ოფიციალური პირებიც შეხვდნენ.
ამბოხებულთა დაჯგუფება, რომელმაც სირიაში ასადების დინასტიის მრავალწლიანი მმართველობა დაასრულა, შეერთებულ შტატებს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული. მისი ლიდერის, აბუ მოჰამედ ალ-ჯულანის დაკავებაზე კი ვაშინგტონს $10-მილიონიანი ჯილდო აქვს დაწესებული.
ამერიკამ და დიდი შვიდეულის ქვეყნებმა მიანიშნეს, რომ ჯულანის დაჯგუფების ტერორისტთა სიიდან ამოღება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ინკლუზიური გახდება სირიის ახალი მთავრობა. თავად ჯულანი ბოლო წლებში ექსტრემისტული იდეოლოგიისგან დისტანცირებას ამჯობინებდა და ცდილობდა დაერწმუნებინა ყველა, რომ დაიცავდა სირიაში მცხოვრები ქრისტიანების, ქურთებისა და სხვა უმცირესობათა ინტერესებს.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ამერიკამ სირიის კონფლიქტისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. “ეს არ არის ჩვენი ომი”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში მაშინ, როცა გავრცელდა ცნობები სირიაში ხელისუფლების დამხობის თაობაზე. “მიუშვით დინებაზე. არ ჩაერთოთ”, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მე უკვე ვიცხოვრე ასეთ ქვეყანაში, სადაც იყო მხოლოდ ერთი კარგი პარტია, მხოლოდ ერთი კარგი ტელევიზია, აკრძალული იყო აქციის გამართვა. მერე ნელ-ნელა მოვიპოვეთ ეს უფლებები. ვიბრძოლეთ, ვიშიმშილეთ… (ვიდეო)

ირაკლი კობახიძე – თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება, ქვეყანაშიც შევქმნათ ამის შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან – იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ წავახალისოთ ახალგაზრდების მიგრაცია