„მაგნიტსკის აქტით“ დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა იმის კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ „ოცნება“ არის კრემლის მიერ მართული რუსული ძალა საქართველოში, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“, რაც უფრო მეტ „სანქცირებულს დააწინაურებს, მეტად გამოაჩენს საკუთარ უსუსურობას“.
„ივანიშვილის არალეგიტიმურ მთავრობას უკვე ავტორიტარული რეჟიმის ოფიციალური სტატუსი აქვს – დემოკრატიულმა სამყარომ მათ სამუდამო იარლიყი ჩამოჰკიდა და მსოფლიო დამნაშავეებად ცნო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ რუსული სტილით მოქმედებაში.
„მაგნიტსკის აქტით“ დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა კი სხვა არაფერია, თუ არა იმის კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ „ოცნება“ არის კრემლის მიერ მართული რუსული ძალა საქართველოში, რადგან „მაგნიტსკის აქტი“ სწორედ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ინსტრუმენტია.
ჩვენ, ქართველ ხალხს, ახლა რუსეთთან გადამწყვეტი ბრძოლა გვაქვს მოსაგები – ქვეყნის გათავისუფლება მოღალატეებისგან, კრიმინალებისგან და მოძალადეებისგან!
ერთი რამ კარგია, რაც უფრო მეტ სანქცირებულს დააწინაურებენ, მეტად გამოაჩენენ საკუთარ უსუსურობას და უფრო მალე მოხდება მათი ლუსტრაცია საკუთარ მხარდამჭერებში!“, – განაცხადა ხაზარაძემ.