არასამთავრობო ორგანიზაციის, სამართლიანი არჩევნების (ISFED) განცხადებით, ევროპარლამენტის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოსტზე არაავთენტური და საეჭვო ანგარიშები ჩაერთნენ.
ორგანიზაციის ცნობით, ანგარიშები ზურაბიშვილის მიმართ მადისკრედიტებელი კამპანიისთვისაა განკუთვნილი.
“18 დეკემბერს ევროპარლამენტმა ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტზე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ათასობით კომენტარის შემდეგ, მის მადისკრედიტირებელ კამპანიაში არაავთენტური და საეჭვო, მათ შორის უცხოური ანგარიშები ჩაერთნენ. პროფილების ნაწილი პოსტზე ერთსა და იმავე კომენტარს რამდენჯერმე წერს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ISFED-ის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კომენტარების დაწერისკენ Facebook-ის მომხმარებლებს მოუწოდებდა პროევროპული აქციების მადისკრედიტირებელი ფეისბუქჯგუფი “ანტი მაიდანიც”, რომელიც პლატფორმიდან არაერთხელ წაიშალა.