„საერთაშორისო სტანდარტია“ – ლევან სურგულაძე პრემიერის მიერ საპენსიო დანაზოგების ინვესტირებაზე პასუხისმგებელი 9 პირის დანიშვნის წესს ეხმაურება

„საერთაშორისო სტანდარტია“ – ლევან სურგულაძე პრემიერის მიერ საპენსიო დანაზოგების ინვესტირებაზე პასუხისმგებელი 9 პირის დანიშვნის წესს ეხმაურება
საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ლევან სურგულაძის თქმით, საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრები პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს. ლევან სურგულაძე ,,კომერსანტთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მთავრობის მეთაური ქვეყანაში პირველი პირია, რომელსაც ნდობა არჩეულმა პარლამენტმა გამოუცხადა. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი უმაღლესი აღმასრულებელი პირია. საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი აღნიშნავს, რომ ეს საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.
,,აბა ვინ უნდა დანიშნოს? ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახლავთ უმაღლესი აღმასრულებელი, ნომერ პირველი პირი ქვეყანაში. გამოცხადებული არის ვაკანსიები უკვე. იქ უამრავი ადამიანი შეიტანს განცხადებას. პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, დანიშნავს გარკვეულ კომისიას, რომელიც ამ განაცხადებს გადაარჩევს. იქნება გასაუბრებები და შესაბამისად, შეირჩევა საუკეთესო კანდიდატები. აბა ვინ უნდა დანიშნოს? საყოველთაო სახალხო არჩევნებს ხომ არ მოვაწყობთ თითოეულ თანამდებობაზე ადამიანის დასანიშნად? პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობა. მას ჰყავს პრემიერ-მინისტრი და ის არის უმაღლესი აღმასრულებელი პირი და პასუხისმგებელიც შესაბამისად. ასეთი სტანდარტი დიახ, მოქმედებს სხვა ქვეყნებშიც, საერთაშორისო სტანდარტია. მე არ გამიგია, რომ ასეთ თანამდებობებზე რამე სხვა მეთოდით ინიშნებოდნენ პირები. საპარლამენტო მმართველობა გვაქვს კი ბატონო. პარლამენტი გახლავთ არჩეული, რომელმაც დაამტკიცა აღმასრულებელი ხელისუფლება. ამ ხელისუფლებას ჰყავს ნომერი პირველი პირი, რომელიც არის პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად მას გამოცხადებული აქვს პარლამენტის ნდობა. ყველა თანამდებობაზე ადამიანი პარლამენტში გავიყვანოთ დასანიშნად, არ მიმაჩნია სწორად და არც დიდი განსხვავება არ იქნება ეფექტურობის ან გნებავთ სანდოობის თვალსაზრისით.”- აცხადებს ლევან სურგულაძე.
საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი მიესალმება იმ ცვლილებებს, რომელიც 2025 წლიდან სააგენტოში ამოქმედდება. ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ საპენსიო სააგენტოს მართვის დროს ის სწორედ ასეთი სტრუქტურის შემოღებას ითხოვდა. ანალოგიური მოთხოვნა ჰქონდა ეროვნულ ბანკსაც.
,,პირველ რიგში მინდა აღვნიშნო შემდეგი, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, როდესაც გაუქმდა საწყისი მმართველობითი სტრუქტურა, მახინჯი, ორსაბჭოიანი სტრუქტურა. ეს ჩანაცვლდა ერთი მმართველი საბჭოთი, სადაც იქნება საინვესტიციო კომიტეტი და რისკის კომიტეტი, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად. ეს არის ნამდვილად საერთაშორისო სტანდარტი და სრულად შეესაბამება ამ სტანდარტს. მანამდე გვქონდა სამეთვალყურეო საბჭო. გვქონდა მეორე საბჭო, რომელიც ვის წინაშე იყო ანგარიშვალდებული საერთოდ გაუგებარი იყო. ახლაც ასე არსებობს. 2025 წლიდან იცვლება ეს. საერთოდ არ არსებობდა რისკის კონტროლის სტრუქტურა. ეს იყო ყველაზე სარისკო. მე მოგეხსენებათ, გახლდით პირველი დირექტორი საპენსიო სააგენტოსი და მე ვითხოვდი, რომ სწორედ ასეთი სტრუქტურით შეცვლილიყო. ვითხოვდი ყველგან. პარლამენტშიც, მთავრობაშიც. ეროვნული ბანკის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ უნდა ყოფილიყო ასეთი სტრუქტურა.’’- აცხადებს ლევან სურგულაძე.
2025 წლიდან მოქალაქეების საპენსიო დანაზოგების ეფექტიანად ინვესტირებაზე პასუხისმგებელი საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო იქნება, რომლის წევრები კონკურსის გზით შეირჩევიან. მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. აღნიშნული ცვლილება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2024 წლის ზაფხულში შევიდა. შედეგად, საქართველოს საპენსიო ფონდში ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა, იქმნება საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო – მმართველობითი საბჭო. საქართველოს საპენსიო ფონდის ზომა უკვე 6 მლრდ ლარია.

ასევე დაგაინტერესებთ

გაოგნებულები ვართ, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად – 17 ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს