თიბისი კაპიტალის მონაცემებით, ნოემბერში სასტუმროებსა და რესტორნებში უნაღდო დანახარჯები გაიზარდა, ხოლო ტრანზაქციის საშუალო მოცულობა შემცირდა.
მომხმარებლების დანახარჯების დინამიკა აჩვენებს, რომ არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად კვლავ იზრდება.
„ნოემბერში სასტუმროებში წლიური უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი 42%-ს გაუტოლდა. საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 359 ლარამდე შემცირდა, როცა გასულ თვეში მონაცემებმა მიმდინარე წლის პიკს მიაღწია და 414 ლარი შეადგინა.
არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, ნოემბერში წლიურად 39%-ით გაიზარდა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
რაც შეეხება რესტორნებს, უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა კვლავ დადებითია, თუმცა ტრანზაქციის საშუალო ღირებულება შემცირდა.
“რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯები თიბისი ბანკის არხებით წლიურად 57%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯს ერთეულ ტრანზაქციაზე, მაჩვენებელი სექტემბრიდან მოყოლებული მცირდებოდა და ნოემბერში 31 ლარი შეადგინა.
მიმდინარე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით უნაღდო დანახარჯებში გართობის სექტორში 7%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა“, – აღნიშნულია მომხმარებლის დანახარჯების დინამიკაში.