კასრაძის მეუღლე: “მშვიდად უნდა იყოთ და არ გექნებათ პრობლემებიო”

პატიმრობაში მყოფი მსახიობის ვეფხია კასრაძის ცოლი ელენე ამბობს, რომ მისი ქმრის დაკავების შემდეგ სახლში ჩხრეკაზე მივიდნენ.

კასრაძის ცოლის თქმით, ჩხრეკიდან მეორე დღეს მის სახლთან და მისი ქმრის მანქანასთან რამდენიმე ადამიანი შეამჩნია, რომელიც მას აკვირდებოდა.

“მითხრეს, “ჩხრეკაზე ვართ, თქვენი მეუღლე დავაპატიმრეთო”, გაოგნებული დავრჩი. ჩხრეკა რომ ჩატარდა, რა უნდა ეპოვათ, არ ვიცი… ვუთხარი, “ჩემი მეუღლე ცნობილი თამადაა და თუ გინდათ ჩადით სოფელში ნაირნაირი სასმისები მაქვს და ჩემი შვილის პლასტმასის პისტოლეტები, რაც გინდათ, ნახეთ-მეთქი”. ვუთხარი, “აღარ ღირს ჩემს ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ სად გინდა წახვიდე, ყველანი ხომ არ წავალთ ამ ქვეყნიდან-მეთქი” და “თქვენ მშვიდად უნდა იყოთ და არ გექნებათ პრობლემებიო” – ასე ბრძანა ერთ-ერთმა უფროსმა”,- იხსენებს ქალი.

ამასთან, ის საუბრობს თვალთვალზე და ხაზს უსვამს, რომ ეს შესამჩნევი იყო:

“როგორც კი დასრულდა ჩხრეკა, მეორე დღეს, დილას შევამჩნიე რამდენიმე პიროვნება, მესამე დღეს კიდევ უფრო მეტი, ლამის 7-8 კაცი – ჯიპი იდგა”.

ვეფხია კასრაძის ცოლი ამ აქტივობებს საკუთარ საქმიანობასაც უკავშირებს – არჩევნებზე იყო დამკვირვებელი და თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან:

“დამკვირვებელი ვიყავი და როდესაც მოდიოდნენ ამერიკიდან, ბრიუსელიდან, პოლონეთიდან – მე ყველასთან ვითანამშრომლე, გადავეცი ინფორმაცია, რა ხდებოდა. ჩემი ტელეფონი, ჩემი ლეპტოპი წაიღეს და ჩემი მეუღლის თუ უნდოდათ რამე, სოფელში უნდა წასულიყვნენ… ამიტომ, მე მგონი, უფრო მე მიკავშირდებოდა ეს სიტუაცია, ვიდრე ჩემს მეუღლეს”- ყვება კასრაძის მეუღლე “ფორმულასთან”.

ვეფხია კასრაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კასრაძემ გუშინ უვადო შიმშილობა გამოაცხადა.