“5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლუკა სირაძემ თავი მოიკლა.
პოლიციის განყოფილებაში მე და ჩემი მეგობარი ვიყავით იმის თვითმხილველები,
როგორც ექცეოდა სისტემა ლუკას..
დღემდე სინდისის ყველაზე დიდი საწუხარი ეს ამბავია, რომ გავჩუმდი, ან რომ სათანადოდ არ ამოვიღე ხმა..
პ.ს. ქავერის ფოტო ახლა შეცვლილია, ლუკას წარწერა ჩაანაცვლა იმ ღიმილის ბიჭების ფოტომ, რეჟიმი რომ უსწორდება.
დანარჩენი პოსტში…
2021 11 დეკემბერი
ამ ამბიდან ზუსტად 2 წელი გავიდა.
არასდროს საჯაროდ არ დამიწერია, ჩემს ახლობლებთანაც არ მისაუბრია, იმიტომ რომ ჩემთვის ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სტრესი იყო და ვერ ვახერხებდი საუბარს.
2 წლის შემდეგ ვწერ:
ორი წლის წინ, ამ დღეს, ჩემს მეგობარს, რაღაც ამბავზე გავყევი თბილისის ერთ-ერთი პოლიციის განყოფილებაში.
იქ დიდხანს გვამყოფეს.
ჩვენ რომ იქ ვიყავით, პატარა ბიჭები შემოიყვანეს, თინეიჯერები.
ერთ-ერთი ბიჭის დედასთან ერთად.
ეს ბიჭი ტიროდა და პოლიციელი ქალი, ამ ბიჭის დედას ეუბნებოდა, არა აბულინგებდა, რომ ნახე როგორი შვილი გაზარდა, ეს რანაირი შვილი ჰყავს. ჰმ, სიგარეტს ეწეოდა ბიჭი, ვსო ეს ვინ ყოფილა. ამას ეუბნებოდა ამ ბიჭის თვალწინ, რომ თურმე როგორი ცუდი იყო, და ბიჭს თვალები ჰქონდა წითელი, ცრემლიანი
და ისეთი დარდიანი, როგორც არავის არასდროს.
მერე ძმაკაცი მივიდა და ჩუმად ეუბნებოდა,
რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ჩვენ რამდენიმე საათი დაგვტოვეს პოლიციის განყოფილებაში, ეს ბიჭები და დედა, ხან ჩნდებოდნენ და ხან ქრებოდნენ ჩემი თვალთახედვიდან,
მე ვბრაზობდი ამ დედაზე, რატომ არ იცავდა მის შვილს ამაყად.
უცებ ერთი პოლიციელი წამოხტა და ბიჭს ყვირილი დაუწყო,
-შენ ბიჭო აქ ხო არაფერი გეშლება, ყველას დედა შ*****, ვინც პოლიციელებზე ცუდს იტყვისო, თავზე დაადგა ამ ბიჭს და ისე უყვიროდა,
და ამ დროს, ბიჭი, ისე დაპატარავდა, ხმა ვერ გასცა
ისე გავბრაზდი, ისე გავბრაზდი, ისე გავბრაზდი
და ჩვენი ხალხისა არ იყოს, მხოლოდ შეშფოთებით შემოვიფარგლე.
იმ ღამეს, ლუკა სირაძემ თავი მოიკლა.
ის ბიჭი, დედის თვალწინ რომ ამცირებდნენ და უყვიროდნენ,
ლუკა სირაძე იყო.
ის გოგო, მხოლოდ შეშფოთებით რომ შემოიფარგლა, არ მივიდა პოლიციელთან და ცხვირ-პირი არ მიუნაყა,
გარდატეხის ასაკში მყოფ თინეიჯერს, ესე როგორ ექცევიო,
მე ვიყავი.
და რატო ვწერ ამ დღეს ამას:
ის დღეები,
ყველაზე დიდი სინდისი დამაწვა გულზე რაც ამ ქვეყნად არსებობს.
იყო ბევრი, ძალიან ბევრი უსამართლობა, იმის ჩათვლით, რომ პოლიციელების ახლობლები, ნაცნობობით ჩვენს გაჩუმებას ცდილობდნენ
და იყო დიდი სტრესი,
ამხელა სისტემის წინააღმდეგ რომ ხმას იღებდი და ასე ღიად
ყვებოდი როგორი უსამართლო იყო სისტემა პატარა ბიჭის წინააღმდეგ.
უბედურება რა არის იცით?
სასამართლო პროცესზე მარინა ჩოლოიანი რომ მეუბნებოდა, როგორ ვექცეოდი ახალგაზრდას, აბა სხვაგვარად როგორ უნდა მოვქცეოდიო,
მე რომ ვუთხარი,
ძალიან ცუდად ექცეოდი,
ძალიან არასწორად ექცეოდი,
ასე და ასე ექცეოდი მეთქი,
მხრები აიჩეჩა, ვერ გაიგო.
ვერ გაიგო,
იმიტომ რომ სისტემის სტანდარტი ესაა
და მარინა ჩოლოიანის ნაცვლად,
სისტემის 80% ზუსტად იმას იზამდა,
უბრალოდ ლუკას მარინა შეხვდა და მარინა დაისაჯა.
აქ ინდივიდია დამნაშავე თუ სისტემა?
და თუ სისტემაა დამნაშავე,
ინდივიდს რატომ ვსჯით?
და რა ექნა მარინას,
როცა სამსახური რომ დაიწყო,
სისტემამ უთხრა, ესაა ამ სახელმწიფო სისტემის სტანდარტი და ასე და ასე უნდა ქნაო.
მარინაც მიჰყვებოდა ამ კანონებს.
ყველას ხომ ვერ მოვთხოვთ სამართალის დაცვის დროს,
იყოს სამართლიანი.
მარინაც იცავდა სამართალს,
ისე როგორც ასწავლეს.
იმ ამბის შემდეგ, შინაგანად ძალიან გავძლიერდი.
აღრაფერზე დამიხევია უკან,
სადაც სათქმელია, აუცილებლად ვამბობ,
სადაც გასაბრაზებელია ვბრაზდები
და სადაც საჭიროა ვჩხუბობ,
ნერვების აუშლელად,
ოღონდ აღარასდროს,
აღარასდროს ვშფოთდები და მხოლოდ შეშფოთებით აღარ შემოვიფარგლები.
დღევანდელ დღეს,
ლუკა სირაძეს სულის სახსოვრად,
გთხოვთ, თუ ვინმე სადმე უსამართლობას წააწყდებით,
აუცილებლად ამოიღეთ ხმა,
აუცილებლად იყვირეთ,
იჩხუბეთ, იგინეთ,
რაც გინდა ქენით,
ოღონდ ახალგაზრდა ბიჭებს არ დააწერინოთ კედლებზე
“ამ ცხოვრების დედაც”.
—
ლუკას კედელზე წაწერილი სიტყვები, იმ დღეებში დავდე ჩემი ფეისბუქ პროფილის ქავერად და ვთქვი, რომ ვიგრძნობ ამ ცხოვრებაში უსამართლობა აღარაა, რამით ჩავანაცვლებ მეთქი,
დღემდე ვერ ვქენი,
ალბათ თან ცოტა ლუკასიც მერიდება.
პ.ს. ჩემი გულწრფელი თხოვნა იქნება, ეს პოსტი მიიღოთ იმათ, რომ ყველგან ებრძოლოთ უსამართლობას და ყველგან ამოიღოთ ხმა,
რა იყო და როგორ, ამაზე დიდი ხანია არ ვსაუბრობ. იმაზე რთულად იყო საქმე და იმაზე სტრესული,
ვიდრე აქ დავწერე,
ამიტომ არც პირადში და არც ტექსტის ქვემოთ, არ განვავრცობ ამ ამბავს.
უბრალოდ, ჩვენი წილი სინდისითვის, ჩვენი წილი ვიბრძოლოთ სიმართლისა
და სამართლიანობისთვის!” – წერს სოციალურ ქსელში “ცოდნის კაფე”-ს თანადამფუძნებელი ქეთი მოლაშვილი.