რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ჩეხეთში მცხოვრებ რუს პროფესორს, ისტორიკოს ანდრეი ზუბოვს ესაუბრა იმაზე, თუ როგორ ემხობიან დიქტატორები და ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც უკანასკნელ მომენტამდე ურღვევი სიმტკიცის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.
სირიელმა ამბოხებულებმა, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, გაანადგურეს ყოფილი პრეზიდენტის ჰაფეზ ალ-ასადის, ჩამოგდებული ბაშარ ალ-ასადის მამის სამარხი. მავზოლეუმის დანგრევის სცენა შესაძლოა ანტიკურ ტრაგედიასაც დამსგავსებოდა, აჯანყებულებს რომ დიქტატორის შეპყრობა და სიკვდილით დასჯა მოეხერხებინათ, მაგრამ ბაშარ ალ-ასადი ვლადიმირ პუტინმა გადაარჩინა – რუსეთში შეიფარა.
„თუმცა ისტორიული ანალოგიების თავიდან აცილება შეუძლებელია“, – ამბობს ანდრეი ზუბოვი, ბრნოს მასარიკის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი თქმით, ნაკლებად გაუმართლა კიდევ ერთ დიქტატორს, ასადის თანამედროვეს, ლიბიის ლიდერს მუამარ კადაფის, რომელიც ამბოხებულებმა ნაფლეთებად აქციეს. კადაფის მკვლელობის კადრებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბევრ ადამიანზე, მათ შორის პუტინზეც, რომელიც მაშინ (2011 წ.) რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო.
„კადაფის თითქმის მთელი ოჯახი დახოცეს, მისი ცხედარი მსოფლიოს ყველა არხზე აჩვენეს – შეუძლებელია ამის ნახვა ზიზღის გარეშე. რა არის ეს? აჩვენებენ მთლიანად სისხლში ამოთხვრილ ადამიანს, დაჭრილს, ჯერ კიდევ ცოცხალს, როგორც უსწრაფებენ სიცოცხლეს და ამ ყველაფერს ეკრანებზე უშვებენ.
მსგავსი არაფერია მსოფლიოს არცერთი რელიგიის მორალში – არც ქრისტიანობაში, არც იუდაიზმსა და არც მაჰმადიანობაში, რომ მსგავსი რამ მედიაში გავრცელდეს.
ახლა პოლიტიკურ შემადგენელზე არ ვსაუბრობ – ეს ცალკე საკითხია, სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ეს ნაჩვენებია ეკრანებზე და მას მილიონობით ადამიანი უყურებს, მათ შორის, სხვათა შორის, უყურებენ ბავშვებიც. ეს არ არის რაიმე სახის ანიმაცია, არც გამონაგონი, ეს არის ცხოვრების სურათები“, – თქვა ვლადიმირ პუტინმა 2011 წელს.
მუამარ კადაფი 1969 წელის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ოთხ ათწლეულზე მეტხანს მართა ქვეყანა. ბოლო მომენტამდე დარწმუნებული იყო, რომ ხალხი თაყვანს სცემდა თავის ეპატაჟურ ლიდერს, რომელიც სტუმრებს იღებდა კარავში ქალთა გვარდიის მებრძოლებით გარშემორტყმული. მსგავსი ბედი ეწია კიდევ ერთ დიქტატორს, რუმინელ ნიკოლაე ჩაუშესკუს, რომელმაც 1989 წლის ნოემბრის პარტიის ყრილობაზე თითქმის ასპროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ ფაქტობრივად ერთი თვის შემდეგ, რევოლუციის მსვლელობისას, სამხედროებმა შეიპყრეს და დახვრიტეს. რუსეთში გაქცეულმა ბაშარ ალ-ასადმაც სირიის ბოლო არჩევნებში უზარმაზარი უპირატესობით გაიმარჯვა. არჩევნებში მიღებული დიდი რიცხვების სიყვარული ბევრ დიქტატორს აერთიანებს.
რადიო თავისუფლება: ყველა დიქტატორს აქვს საერთო თვისება – სხვა დიქტატორის ბედი საკუთარ თავზე გადაიტანოს. პუტინი უკვე მეოთხედი საუკუნეა ხელისუფლებაშია და წასვლას არ აპირებს. ხელახლა გადაწერილი კონსტიტუციით, ის შეიძლება 2036 წლამდე დარჩეს, მერე კი, ვინ იცის, მართული პარლამენტის, პროპაგანდისა და პოლიტიკის მიმართ გულგრილი მოსახლეობის პირობებში, იქნებ მონარქადაც გამოაცხადოს თავი. რას გვეუბნება დიქტატორების გამოცდილება? რა არის მთავარი გაკვეთილი?
ანდრეი ზუბოვი: მთავარი გაკვეთილი – არ არსებობს ურღვევი რეჟიმები. ორი თაობის რეჟიმი, რომელიც 1954 წლიდან იმართებოდა მტკიცე ხელით, რამდენიმე დღეში ბანქოს ქოხივით დაინგრა. ამ რეჟიმს უშედეგოდ ებრძოდნენ სულ მცირე 2011 წლიდან, სირიაში რევოლუციის ეპოქიდან მოყოლებული. ვერ შეძლეს მისი დამარცხება მათ შორის ირანისა და რუსეთის დახმარების გამო, მაგრამ მოწინააღმდეგეებისთვის ხელსაყრელ მომენტში მან დაკარგა წინააღმდეგობის გაწევის ყოველგვარი უნარი და ჩამოიშალა.
რუსეთის ოპოზიციას სულ მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ასეთი ხელსაყრელი მომენტები ყოველთვის დგება ნებისმიერი ტირანული რეჟიმისთვის, როცა ის კარგავს ხალხის მხარდაჭერას. ასადის რეჟიმმა, რა თქმა უნდა, დიდი ხნის წინ დაკარგა ხალხის მხარდაჭერა.
რადიო თავისუფლება: თუ არსებობს დიქტატურის იდეალური ფორმულა, რომელსაც უნდა მიჰყვეს ყველა ავტორიტარული ლიდერი თუ დესპოტი, რათა თავიდან აიცილოს გადატრიალება და სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა? სად არის წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს?
ანდრეი ზუბოვი: ასეთი ზღვარი არ არსებობს. ისეთი დესპოტებიც კი, მაგალითად, როგორიც იყო რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II, რომელიც ცდილობდა თავისი აბსოლუტური ძალაუფლების გამოყენებით ხალხისთვის თავისუფლების მინიჭებას, საბოლოოდ ტერორისტის ბომბით დაიღუპა.
ერთადერთი რჩევა, რომელიც ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიამ ჩამოაყალიბა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, ასეთია: მართვა ხალხის გარეშე, მაგრამ ხალხისთვის. ეს პრინციპი ჯერ კიდევ მუშაობს. ასეთ შემთხვევებში კიდევ შეიძლება რაღაცის გაკეთება.
რადიო თავისუფლება: რატომაა შეუძლებელი აჯანყების დაწყება ქვემოდან? რუსეთში ყველა ცვლილება ხდებოდა მაშინ, როცა მმართველი კლასის წევრები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ.
ანდრეი ზუბოვი: რატომ? ყველაზე საშინელი კატაკლიზმი რუსეთში მოხდა ზუსტადაც რომ ქვემოდან წამოსული აჯანყების სახით. გავიხსენოთ 1917 წლის რევოლუცია. ამან გამოიწვია ელიტის, მმართველი ფენის ტოტალური შეცვლა. ასე რომ, რუსეთში ყველაფერი შესაძლებელია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც ახლა რუსეთში ასეთი უზარმაზარი აჯანყება ქვემოდან არ დაიწყება, რადგან ვითარება ძალიან მსგავსია 1917 წლისა. ჯარი ვერ იგებს ომს, განიცდის მძიმე დანაკარგებს, უკმაყოფილოა შეიარაღებული ძალების მართვით.
რაღაც მომენტში, „ხიშტი მიწაში ან საკუთარი მეთაურის წინააღმდეგ“ – სავსებით შესაძლებელი რამეა. პრიგოჟინი ამის პირველი მერცხალი იყო და მგონია, რომ ყველაფერი ამაზე არ შეჩერდება.
ვრცლად: www.radiotavisupleba.ge