რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის მხრიდან საქართველოს დე ფაქტო პრემიერის მხილების შემდეგ, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სამმა ქვეყანამ სანქციებთან დაკავშირებით საბჭოზე დაფიქსირებული პოზიცია “წნეხის გამო” შეცვალა.
ის ამტკიცებს, რომ 3 ქვეყნის მხრიდან სანქციების საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია მისთვის საჯარო წყაროებიდან გახდა ცნობილი და “ამას დაემთხვა [ქართული ოცნების] წყაროებიდან მიღებული ინფორმაციაც”.
ის ირწმუნება, რომ რუმინეთი “აიძულეს” საწინააღმდეგო პოზიცია დაეფიქსირებინა და ამ კონტექსტში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმებას ახსენებს და აშშ-ს “მუქარის შემცველი განცხადების გაკეთებაში” სდებს ბრალს.
“თქვენ იცით, რომ ამ თემას მოჰყვა სპეკულაციები, მე გავაკეთე გუშინ განცხადება, 5 ქვეყანას გადავუხადე მადლობა ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერისთვის და გუშინ აქედან 3 ქვეყანა ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა მათ აზრადაც არ გაუვლიათ. სინამდვილეში, შეგიძლიათ ნახოთ ქალბატონი კაია კალასის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი, მე არ მიხსენებია სამწუხაროდ ლუქსემბურგი და ლუქსემბურგსაც ეკუთვნის, როგორც ჩანს მადლობა, თუ არ უარყოფენ თავიანთ პოზიციას მადლობა ეკუთვნით ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერისთვის. კაია კალასმა თქვა, რომ იყო უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი და რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც წავიდა სანქციების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მადლობა ამ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩვენ რა ინფორმაციაც გვქონდა, მაგალითად, რომ ავიღოთ რუმინეთი – არის ერთ-ერთი ჟურნალისტი, რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს ჟურნალისტი, რომელსაც ძალიან ხშირად ეყრდნობა ხოლმე ქართული მედია, ეს არის ბატონი ჟოზვიაკი, რომელმაც დაადასტურა, რომ რუმინეთი იყო ერთ-ერთი ვინც წავიდა სანქციების წინააღმდეგ, თუმცა მერე ნახეთ, რომ პირველი რუმინეთი აიძულეს, რომ საწინააღმდეგო პოზიცია დაეფიქსირებინა. ეს არავის უკვირს. თქვენ ნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი რუმინეთში შეაცვლევინეს გადაწყვეტილება ერთ დღეში. გამოვიდა ბატონი მეთიუ მილერი, რომელმაც პრაქტიკულად მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, მან განაცხადა, რომ დაისჯებოდა ყველა, ვინც დაუპირისპირდებოდა რუმინეთში ევროპულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებს და ეს გააკეთა სწორედ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების კონტექსტში, მეორე დღეს ადგა სასამართლო, აატრიალა თავისი გადაწყვეტილება და გააუქმა რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები. […] ამ ფონზე არავის უკვირს, რომ რუმინეთს გააკეთებინეს იმის საპირისპირო განცხადება, ვიდრე იყო მათი ქმედება საქართველოსთან მიმართებით.
იგივე ეხება ესპანეთს და იტალიას, აქაც საჯარო წყაროებში, მსგავს წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იტალია და ესპანეთი უპირისპირდებოდნენ სანქციების იდეას და ამას დაემთხვა ჩვენი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციაც, შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომელიც ძალიან სანდო და საიმედო ინფორმაციას ეყრდნობოდა, თუმცა ნახეთ, რომ ამასაც მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები. […]