ამ დრომდე არ ვიცით, ზუსტად რა რაოდენობის ნავთობი ჩაიღვარა შავ ზღვაში, თუმცა ფაქტი ერთია, ეს ძალიან დიდი კატასტროფაა – შავი ზღვის მკვლევარი

ქერჩის სრუტეში ორი რუსული ნავთობტანკერის, Volgoneft 212-ისა და Volgoneft 239-ის ჩაძირვა შესაძლოა, შავ ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა გახდეს და ფლორა-ფაუნას სერიოზულ შედეგებით დაემუქროს.
ზუსტი ინფორმაციის სიმწირის გამო, ექსპერტებს დაბინძურების მასშტაბებზე საუბარი უჭირთ. ამ დროისთვის, ოფიციალურ ინფორმაციას მხოლოდ კრემლის პროპაგანდისტული სააგენტო-„ტასი“ ავრცელებს, რომელშიც ზუსტ ციფრებს ვერ ვხედავთ. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ დაღვრის შედეგების აღმოსაფხვრელ სამუშაოებში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.
საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Greenpeace-ის მტკიცებით, ტანკერებიდან ზღვაში შესაძლოა, საწვავის, დაახლოებით, ნახევარი მოხვედრილიყო. კერძოდ, ქერჩის სრუტის წყლებში ორი ტანკერიდან, დაახლოებით, 4,3 ათასი ტონა მაზუთი და ნავთობპროდუქტები ჩაიღვარა.
ზუსტ მასშტაბებზე საუბარი უჭირთ ასოციაცია „ფლორა და ფაუნაშიც.“ ბიოლოგიის დოქტორისა და შავი ზღვის მკვლევრის, არჩილ გუჩმანიძის თქმით, თუ ზღვაში მსუბუქი ფრაქციის ნავთობი ჩაიღვარა, გარემოზე გავლენა ბევრად ნეგატიური იქნება. გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალები კი მიუთითებს, რომ ჩაღვრილი ნავთობი საკმაოდ დიდი რაოდენობისაა.
„დღემდე ვცდილობთ ინფორმაციები შევაგროვოთ, გვაქვს რამდენიმე წყარო, მაგრამ ზუსტი დეტალები კვლავ უცნობია. ზოგი ამბობს, რომ 9000 ტონა ნავთობია ჩაღვრილი, ზოგი- 4200 ტონას ამბობს, ზოგიც ამტკიცებს, რომ 1200 ტონა ნავთობი ჩაიღვარა შავ ზღვაში.
ამ დრომდე არ ვიცით, ზუსტად რა რაოდენობის ნავთობი ჩაიღვარა და ასევე, რა ფრაქციის ნავთობია ჩაღვრილი. გავლენა გარემოზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნავთობის ფრაქციაზე, მის ქიმიურ და ფიზიკურ შემადგენლობაზე.
ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს, მაზუთია ჩაღვრილი – ანუ შედარებით მსხვილი ფრაქცია, ასეთ შემთხვევაში, ნეგატიური გავლენა შედარებით ლოკალურია ვიდრე ეს იქნებოდა მსუბუქი ფრაქციების შემთხვევაში, მაგალითად რომ ჩაღვრილიყო დიზელის ნავთობი. მათი ნეგატიური გავლენა გარემოზე ბევრად უფრო მაღალია.
ფაქტი ერთია, ეს ძალიან დიდი კატასტროფაა. ვიდეოკადრები რაც გავრცელდა და ვნახეთ, საკმარისია დაახლოებითი მასშტაბების გასააზრებლად“,- ამბობს ბიოლოგი.
გუჩმანიძის თქმით, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რომელიც ოკუპაციის პირობებში, უკონტროლოდ მოქმედებს.
„ისტორიულად, ამ სრუტეში ნავთობი რამდენჯერმე ჩაიღვარა, რამაც ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა შავი ზღვის ეკოსისტემაზე. რა თქმა უნდა, ეს ს ოკუპაციის შედეგია, ს სრუტეს დღეს რუსეთი სრულად აკონტროლებს. იქ ყირიმის ტამანის ნახევარ კუნძულთან დამაკავშირებელი ხიდი მოაწყო, ხოლო ბურჯები დასაცავად სპეციალური კონსტრუქციები ააგო. ამ კონსტრუქციებმა გემებს მოძრაობა შეუზღუდა, საუბარია მანევრირების სივრცეებზე. ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, ეს მანიპულაცია ყოფილიყო. რუსულ საინფორმაციო წყაროებს ამ კატასტროფაზე სიახლეების გავრცელება აკრძალული აქვთ, ამიტომ ცნობები იქაც შეზღუდულია“,- აღნიშნა ასოციაცია „ფლორა და ფაუნის“ თავმჯდომარემ.