ლიკუნა მეტრეველი სამოდელო სფეროში 2012 წელს გაიცნეს და მას შემდეგ ამ მიმართულებით არაერთი წარმატებაც ჰქონია, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის მის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მსახიობ ვასო ფხაკაძეზე იქორწინა.
ლიკუნა მეტრეველმა და ვასო ფხაკაძემ ერთმანეთი სწორედ „მის საქართველოს” კონკურსზე გაიცნეს და დაოჯახებაც მალევე გადაწყვიტეს. ვასომ და ლიკუნამ ოფიციალურად 2018 წელს საფრანგეთში იქორწინეს და ჯვარი პარიზის ქართულ ეკლესიაში დაიწერეს. მათ ორი უმშვენიერესი გოგონა ჰყავთ.
ლიკუნა მეტრეველი მისი გამომწერებისთვის ცნობილი მოდელისა და ინფლუენსერის ამპლუაში გახდა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ უმშვენიერესი მოდელის პირველი პროფესია იურისტობაა – ის ადვოკატია და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
ალბათ, რთული უნდა იყოს, გქონდეს საქმე, რომელსაც სრული დატვირთვით ასრულებ, დიდ დროს უთმობდე პროფესიად ქცეულ ჰობისაც და თან იყო ორი შვილის დედა. როგორც ლიკუნა ამბობს, დროს სწორად ანაწილებს და აღებულ პასუხისმგებლობებს სათანადოდ უმკლავდება.
როგორია მისი განვლილი გზა, ამის შესახებ ლიკუნა მეტრეველმა ბლოგერი თინანო ბუჩუაძის რუბრიკაში ისაუბრა:
“დავიბადე და გავიზარდე თელავში, იქ დავამთავრე საჯარო სკოლა, შემდეგ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, ამის შემდეგ მაგისტრატურა გვიარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. რაც შეეხება ადვოკატობას, ჩემზე ეს ბევრს არ სცოდნია. ალბათ, მე ვარ ამაში დამნაშავე, რადგან საკმარისი კომუნიკაცია არ მაქვს, თუმცა საქმეები, რომლებზეც ვმუშაობ, კონფიდენციალურია და ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ. ამ ეტაპზე სამი კომპანიის იურისტი ვარ.
ჩემი ცხოვრების თანმდევი კითხვაა, მოდელმა იურისტობა რატომ გადავწყვიტე, თუმცა ასე არ ყოფილა. ჯერ იურიდიულზე ჩავაბარე და შემდეგ, 19 წლისამ, მეორე კურსზე დავიწყე მოდელობა. მგონია, რომ ორივე კარგად გამომდის და ვუთავსებ ერთმანეთს.
პირველი ყველაზე დასამახსოვრებელი ჩვენება იყო ავთანდილ ცქვიტინიძის, 2012 წელს. მაშინ ჩემთვის ის მიუწვდომელი დიზაინერი იყო. პირველად როცა მნახა, მკითხა, შეიძლება ფეხზე ხელი მოგკიდო, ნამდვილიაო? ძალიან კარგი ჩვენება გვქონდა და ჩემთვის დაუვიწყარია”, – ამბობს ლიკუნა მეტრეველი.