ფარისევლურია მათი განცხადებები: „აი, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ!“ ეს არის სიტყვების ბრახა-ბრუხი! – პირველი დასავლეთია, ვინც საქართველოში არეულობისა და დაპირისპირების მოწყობას ცდილობს, ვინც რადიკალურ დაჯგუფებებსა და ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებს! – ეს განცხადება მედიასთან პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.
კალაძის თქმით, ყველაფერი, რასაც რამდენიმე დღის წინ თბილისის ქუჩებში ვხედავდით, გარედან იყო მართული.
კალაძე ამბობს იმასაც, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არჩევნებში “ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი და ხელისუფლება ქვეყანაში არეულობის გამოწვევის შესაძლებლობას არავის მისცემს.
“ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ “ქართული ოცნება“ აირჩია და 41 ნომერი შემოხაზა. რატომ? – იმიტომ, რომ “ქართული ოცნება“ არის ქართული ხელისუფლება, ის გუნდი, ვინც ქვეყნის ინტერესს იცავს და არ აძლევს ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ მარგინალებს საშუალებას, ქვეყანა თავიანთი ბინძური ზრახვებისთვის გამოიყენონ და ისეთივე ვითარება მოაწყონ, როგორიც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაშია. ხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინაში – ალბათ ტრამპის განცხადებებიც მოისმინეთ უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც უმძიმესი მდგომარეობაა. ამიტომ ეს განცხადებები, რომ აი, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ფარისევლურია!“ – განაცხადა კახა კალაძემ.