რაც არ უნდა ილაპარაკონ ოლიგარქის მონებმა, მათი ენა გაუგებარია მსოფლიოსთვის, ქუჩაში გამოსული ადამიანების ენა ყველასთვის გასაგებია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, სტუდენტები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან, იბრძვიან საკუთარი თავისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანაში არ გამეფდეს სიბნელე.
„ამ წუთებში, ქუჩაში რამდენიმე მარში მიდის, მათ შორის, სტუდენტების მარში. ეს სტუდენტები იბრძვიან საკუთარი თვისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანაში არ გამეფდეს სიბნელე, უპერსპექტივობა. თავის დროზე, სკოლა დავამთავრე ოქროს მედლით, კიევის უნივერსიტეტი დავამთავრე წითელი დიპლომით, ავიღე მაგისტრის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში, არა დედიკოს და მამიკოს ფულებით, არამედ სტიპენდიით… ამას ყველაფერს იცით რატომ გიყვებით? ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, გამოგადგა რამე, იმიტომ არ ხარ ახლა ციხეში და იმიტომ არ არის „ალანიას“ ფეხბურთელი რომელიღაც კაბინეტშიო… მინდა გითხრათ, რომ სწავლა აუცილებლად გამოგადგებათ! არავითარ შემთხვევაში არ ჩამოუშვათ ხელი. ჩემი ამოცანა იყო განათლების შემოტანა, ჩვენ ამოვძირკვეთ განათლების სისტემაში კორუფცია. მინდა გითხრათ, რომ სწავლას აქვს მნიშვნელობა, თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიოს მიაწვდინოთ ხმა. განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც არ უნდა ილაპარაკონ ოლიგარქის მონებმა, მათი ენა გაუგებარია მსოფლიოსა და ცივილიზებული დასავლეთისთვის. ქუჩაში გამოსული ადამიანების ენა ყველასთვის გასაგებია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.