ნავალნის გუნდის თქმით, ის ციხიდან გაუჩინარდა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სასჯელაღსრულების კოლონიიდან, სადაც ის გასული წლის შუა რიცხვებიდან იმყოფებოდა, გაიყვანეს და მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია, განაცხადეს მისი გუნდის წევრებმა 11 დეკემბერს.
ნავალნის თანაშემწეები ემზადებიან მისი მოსალოდნელი გადაყვანისთვის “სპეციალური რეჟიმის” კოლონიაში. ეს ს ციხეების სისტემაში ყველაზე მკაცრი დაწესებულებაა. ნავალნის აგვისტოში, დამატებით, 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 11-1/2 წელთან ერთად, რომელიც უკვე ჰქონდა განსაზღვრული.
ნავალნის სპიკერმა კირა იარმიშმა თქვა, რომ მელეხოვოში, მოსკოვის აღმოსავლეთით, 235 კილომეტრში მდებარე IK-6 დაწესებულებაში, თანამშრომლებმა მის ადვოკატს უთხრეს, რომ ოპოზიციის ლიდერი აღარ არის პატიმრებს შორის.
„თუ სად წაიყვანეს, ამას არ ამჟღავნებენ“, – თქვა მან სოციალურ მედია პლატფორმაზე X.
მისი გაუჩინარება დაემთხვა საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისს, რომელშიც როგორც ვლადიმერ პუტინმა 8 დეკემბერს დაადასტურა, ის კიდევ ექვსწლიანი ვადისთვის იყრის კენჭს.
ნავალნის თანაშემწე ლეონიდ ვოლკოვმა X-ზე თქვა, რომ ეს დამთხვევა არაა.
“პუტინისთვის საიდუმლო არ არის, ვინ არის მისი მთავარი ოპონენტი ამ “არჩევნებში”. მას სურს დარწმუნდეს, რომ ნავალნის ხმა არ ისმის“, – თქვა მან.
კრემლს აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებია. პუტინი და მისი სპიკერი არასოდეს მოიხსენიებენ ნავალნის სახელით, რათა წარმოაჩინონ ის, როგორც პოლიტიკურად არარელევანტური. კრემლში ამბობენ, რომ მას ისე ექცევიან, როგორც ყველა სხვა პატიმარს.
რუსეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე პატიმრების რკინიგზით გადაყვანის პროცესს შეიძლება კვირები დასჭირდეს და ნათესავებმა და ოჯახმა შეიძლება ვერ მოიპოვონ ინფორმაცია მსჯავრდებულის ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის შესახებ, სანამ ისინი არ მიაღწევენ დანიშნულების ადგილს.
პატიმრობის მიუხედავად, ნავალნი ხშირად ახერხებდა თავისი ადვოკატების მეშვეობით გამოექვეყნებინა კრემლის მისამართით კრიტიკული განცხადებები სოციალური მედიის საშუალებით.
ნავალნი 47 წლის ყველაზე ცნობილი ფიგურაა რუსეთის ოპოზიციაში. წლების განმავლობაში ის პუტინს და მმართველ ელიტას „თაღლითების და ქურდების“ ბანდად მოიხსენიებდა.
მან აღფრთოვანება დაიმსახურა 2021 წელს, როცა გერმანიიდან რუსეთში ნებაყოფლობით დაბრუნდა. გერმანიაში მან მკურნალობა გაიარა, მას შემდეგ რაც როგორც დასავლურმა ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, ის ციმბირში ნერვული აგენტით მოწამლეს. ის რუსეთში ჩასვლისთანავე დააკავეს.
ნავალნი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული მრავალი ბრალდება პუტინზე მისი თავდასხმების აღსაკვეთადაა შეთხზული.
რუსეთის ხელისუფლება ნავალნის და მის მხარდამჭერებს განიხილავს როგორც ექსტრემისტებს, რომლებსაც დასავლურ სადაზვერვო სააგენტოებთან აქვთ კავშირი და ცდილობენ რუსეთის დესტაბილიზაციას.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას