ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს, – ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ესტონეთში საქართველოს ელჩთან, ზურაბ ხამაშურიძესთან „საქართველოს მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ძალადობა და საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ესტონეთის შესახებ დღეს გაკეთებული მტრული განცხადება“ განიხილეს.
„საქართველოს ავტორიტარული ხელისუფლებისა და პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადებები არის მიუღებელი, მტრული და სიცრუით სავსე. სამწუხაროა, რომ ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთა სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპაში წინსვლას თითქმის 30 წელია ესტონეთი მხარს უჭერს, ესტონეთის სუვერენიტეტის მიმართ მტრული რიტორიკით არიან დაკავებულები, რითაც რუსეთის ნარატივებს იმეორებენ“, – აცხადებს მარგუს ცაჰკნა.
ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებით, ელჩთან შეხვედრაზე „საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიც განიხილეს და ასევე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევას“.
„კანონის უზენაესობის პრინციპის შესაბამისად, ესტონეთი ამას ვერ შეეგუება. ჩვენ გავაკეთეთ შესაბამისი განცხადებები და დავაწესეთ სანქციები მოგზაურობის აკრძალვის შესახებ ძალადობაზე პასუხისმგებელი 25 პოლიტიკოსისა და მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებამ შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაცია, ხალხი გააოგნა და აიძულა ისინი საკუთარი აზრის გამოხატვის მიზნით ქუჩაში გამოსულიყვნენ და მათ ამის უფლება აქვთ“, – აღნიშნავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.