„აბსოლუტურად არაფერში თითქმის $400 მილიონი უნდა გადავიხადოთ, გვრჩება დანგრეული ხეობა და მოუწესრიგებელი ბუნება“ – გიორგი აბრამიშვილი Enka -ს არბიტრაჟზე

„აბსოლუტურად არაფერში თითქმის $400 მილიონი უნდა გადავიხადოთ, გვრჩება დანგრეული ხეობა და მოუწესრიგებელი ბუნება“ – გიორგი აბრამიშვილი Enka -ს არბიტრაჟზე
კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მილიონი დოლარი მოუგო. საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორსმაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის ნამოხვანჰესის $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული. კომპანიამ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების უგულებელყოფას უკავშირდებოდა. ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟის შეფასებით წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ENKA-ს მთავრობის ქმედებების საარბიტრაჟო ტრიბუნალში გასაჩივრება შეეძლებოდა.
კომპანია Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი და ასევე, კომპანია DATA CENTER SOLUTIONS-ის თანადამფუძნებელი გიორგი აბრამიშვილი შეფასებით, პროექტის შეჩერება უპირველესად, უდიდეს ზარალს ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით მოიტანს. გარდა ამისა, სრულად შეცვლის ქვეყნის საინვესტიციო გარემოს.
,,ჩვენი ქვეყნისთვის ამ პროექტის შეჩერება დიდი მავნებლობა იყო ყველა მხრივ; უპირველესად, ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით. ზუსტად იმ წელს, როცა პროექტი შეჩერდა მილიარდ-ნახევარი კილოვატი შემოვიტანეთ დან, ზუსტად იმდენი, რაც ნამოხვანს უნდა ეწარმოებინა.
ჩვენ მოგვიწევს აბსოლუტურად არაფერში თითქმის 400 მილიონი დოლარის გადახდა, გვრჩება დანგრეული ხეობა და მოუწესრიგებელი ბუნება. ასევე, პოტენციური ინვესტორები საკმაოდ ნეგატიურად არიან განწყობილნი. შემდეგი კონტრაქტი თუ ეს ოდესმე მოხდება, ბევრად უფრო მკაცრი და არასასიამოვნო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ბევრად მეტი რისკის დაზღვევა მოგვიწევს.
დეტალებს ვერ განვიხილავ, მაგრამ თავიდან აშენების ინტერესი სახელმწიფოს მხრიდან არის, თუმცა ამ პოლიტიკურ სიტუაციაში არ ვიცი, რამდენად დაინტერესდება რომელიმე ინვესტორი ასეთი მსხვილი და გრძელვადიანი ინვესტიციით“,- თქვა აბრამიშვილმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ პროექტს, რომელმაც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს, გიორგი აბრამიშვილის ინფორმაციით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
„შავი ზღვის კაბელის პროექტი მიმდინარეობს, ჯერჯერობით 35 მილიონი დოლარი დაუმტკიცა მსოფლიო ბანკმა ელექტროსისტემას იმისთვის, რათა ე.წ ფსკერის კვლევა გაკეთდეს. ბულგარეთს ჰქონდა ინტერესი, რომ ამ პროექტს შემოერთებოდა, ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა“,- თქვა Energy Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა.