ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლუსი პოტიჩკოვა და კომიტეტის მომხსენებელი კარინა ოდებრინკი საქართველოში ვითარებაზე ერთობლივი განცხადებით შეშფოთებას გამოხატავენ და მოქალაქეებზე ძალადობას გმობენ.
“ჩვენ შეშფოთებულნი ვართ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო, ასევე ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართული ძალადობისა და დევნის გამო. ძირითადი უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციისა და ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს, როგორც ეს ნათქვამია ბუქარესტის დეკლარაციის შესაბამის პუნქტებში.
ჩვენ მტკიცედ ვიმეორებთ, რომ სამართალდამცავების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და განურჩეველი ძალის გამოყენება წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლების სერიოზულ დარღვევას. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა სამართალდამცავი ორგანო პატივს სცემდეს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად გამოიძიოს ნებისმიერი ინციდენტი და ბრალდებები აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებული ან არასათანადო ქმედებების შესახებ როგორც ამას საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს.
გამოთქმულ შეშფოთებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის ამოქმედებისა და საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შემდეგ. ჩვენ ასევე სრულად ვუჭერთ მხარს “ეუთოს სამეულის” – მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია და ფინეთი – 13 დეკემბრის განცხადებას, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტი და ექსპერტული ცოდნა, რომელსაც ეუთო და მისი ინსტიტუტები შესთავაზებენ”, – ნათქვამია განცხადებაში.