ვახტანგ ძაბირაძე – ხელისუფლება, რასაც აკეთებს, აკეთებს, არც მეტის შესაძლებლობა აქვს და არც სურვილი, ხოლო ოპოზიცია საერთოდ რადარებიდან არის გამქრალი – თუ ოპოზიცია ასეთ ვითარებაში დარჩება, „ქართული ოცნება“ უმრავლესობას აიღებს

მოსახლეობას, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არაფერს სთავაზობს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევაზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, ძაბირაძის შეფასებით, ხელისუფლებას, ძირითადად, მცირე დასახლებულ პუნქტებში აქვს მაღალი რეიტინგი.
„მოსახლეობას, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არაფერს სთავაზობს. ოპოზიცია მუდმივად ლაპარაკობს, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსულია. ხელისუფლება, რასაც აკეთებს, აკეთებს, მეტის შესაძლებლობა არც აქვს და არც – სურვილი.
ძირითადად, მცირე დასახლებულ პუნქტებში აქვს ხელისუფლებას მაღალი რეიტინგი და არა ნაციონალურ უმცირესობებში. ნაციონალურ უმცირესობები ყველა ხელისუფლების პირობებში, ხელისუფლების მომხრეები იყვნენ“, – განაცხადა ძაბირაძემ.
ძაბირაძის მოსაზრებით, ოპოზიცია „ამლაშებს“ ბევრ თემას, რომელთა მიმართ საზოგადოებას განსხვავებული შეხედულება აქვს.
„ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს. ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ამლაშებს ძალიან ბევრ თემას, რომელსაც საზოგადოება განსხვავებულად უყურებს. შეიძლება თემა მტკივნეული იყოს, მაგრამ როდესაც 24-საათი ერთი და იმავეს ატრიალებ, მომაბეზრებელი ხდება და ის სიმძაფრე, რაც უნდა ჰქონდეს, კარგავს.
გაცილებით უკეთესად მუშაობს ხელისუფლების პროპაგანდა, ვიდრე ოპოზიციის 3 ტელევიზია. იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების საქმიანობის შეფასება არის მაღალი, ხოლო ოპოზიცია ამ გამოკითხვიდან, საერთოდ, რადარებიდან არის გამქრალი“, – აღნიშნა ძაბირაძემ.
მისივე შეფასებით, „თუ ოპოზიცია ასეთ ვითარებაში დარჩება, „ქართული ოცნება“ უმრავლესობას აიღებს“.