“ყოველ მუქარას განვიხილავ, როგორც გამოცდას საკუთარი ღირსებისთვის;
შესაძლებლობას დავამტკიცო ერთგულება თავისუფლების და ვალდებულების;
შეგრძნება მაქვს, რომ საზოგადოება ძალისხმევით იბრუნებს ადგილს მსოფლიოში.
და ამას აკეთებს სწორუპოვრად, უბადლოდ კარგად.
იმავე ჭრილში ვხედავ საჯარო მოხელეების დაშინების მცდელობას;
მეტი საშუალება მეძლევა დავამტკიცო, რომ მართლა საჯარო მოსამსახურე ვარ;
და ვემსახურები არა რომელიმე პარტიას ან პიროვნებას არამედ საზოგადოებას.
ხშირად მითქვამს, ჩემი ხელფასი ქვრივ-ობლების წილია;
და მის აღებას მხოლოდ მაშინ აქვს გამართლება თუ ჩემი მუშაობა მათზე ზრუნვას ჰგავს.
რომელმა პარტმუშაკმა შეიძლება დამაყვედროს ან დამაშინოს, რომ შემოსავალს წამართმევს?!
ცხოვრებას იშვიათად ჰქონია ასეთი აზრი. და ამაში არ არის პათეტიკა!
შეიძლება იცხოვრო და ვერც საკუთარი თავის და ვერც საზოგადოების ასეთი ზრდა ვერ ნახო.
თუ ქუჩაში ბევრი არ არის ადამიანი, ტროტუარიდან არ გადმოვდივარ, იმდენად ვცდილობ კანონმორჩილი ვიყო.
დღეს მეგობარი მოვიდა და მითხრა. თავმდაბალი, უწესიერესი კაცი:
დავით, ნიღბების აკრძალვის კანონს რომ მიიღებენ, მზად ვარ გავიკეთო ნიღაბი, მივიდე, დავჯდე კიბეზე და თავი დავაჭერინო.
ამ სისულელეს, რომ როგორღაც შევეწინააღმდეგო.
მერე სხვა დაჯდება ჩემს ადგილას, იმას დაიჭერენ და ასე გავაუქმებთ ამ უსამართლობას…
ჩემთვის ვიფიქრე, როგორი ბანალური შეიძლება იყოს გმირი, ლეგენდა, როდესაც დგება მომენტი!
სუსხიანი ზამთარი არასდროს ყოფილა ასეთი თბილი,- წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე.